როგირ იტაცებენ საბიუჯეტო თანხებს ზესტაფონში - აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის ან ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილის ავზის მოცულობაზე არსებითად მეტი ოდენობის საწვავი.
ანგარიშში წერია, რომ აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სპეციალური სისტემით აღჭურვილი ავტომანქანისათვის განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი, ჩიპის გადაადგილების შედეგად. ავზის მოცულობის შეუსაბამოდ, სავარაუდოდ, ჩასხმულია სულ 3.8 ტონა საწვავი.
ფაქტობრივი გარემოება: 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების
განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე არსებულ 2 განპიროვნებულ და 4 სამორიგეო ავტომანქანას. წლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული 22-მდე ავტომობილით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა
საანგარიშო პერიოდში გახარჯა 73.5 ტონა საწვავი, ღირებულებით − 213.9 ათასი ლარი. მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე გახარჯულია 26 ტონა საწვავი.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე, კერძოდ: საწვავის ნაწილს, კერძოდ – 12.2 ტონას, მუნიციპალიტეტი ხარჯავდა vip ბარათების საშუალებით. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ბარათების მისაღებად წარდგენილი დასაბუთებები. გამოვლინდა, რომ დოკუმენტაცია არ შეიცავს საკმარის და შესაფერის არგუმენტებს vip ბარათების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
მიგნებები:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის ან ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილის ავზის მოცულობაზე არსებითად მეტი ოდენობის საწვავი. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აგაი სისტემით აღჭურვილი ავტომანქანისათვის
განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი, ჩიპის გადაადგილების შედეგად. ავზის მოცულობის შეუსაბამოდ, სავარაუდოდ, ჩასხმულია სულ 3.8 ტონა საწვავი. - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ ავტომანქანაში ერთი დღის განმავლობაში, საწვავი ჩასხმულია 11-ჯერ, ჯამში − 220 ლიტრის ოდენობით. მათ შორის, დროის უმცირეს ინტერვალში – 10:46 საათიდან 10:52 საათამდე საწვავი ჩასხმულია 5-ჯერ, ჯამში − 100 ლიტრის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით კი ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა 65 ლიტრია;
- კერძო ავტომანქანის მფლობელმა ავტომანქანაში ერთჯერადად ჩაასხა საწვავი 80 ლიტრის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა 60 ლიტრია.
- შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით, რადგან მათი სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების შვებულებაში ყოფნის დროს პირად საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში საწვავი ჩასხმულია 30-ზე მეტ შემთხვევაში და დახარჯულია 1.1 ტონა საწვავი;
- ავტომანქანებში, 125-ზე მეტ შემთხვევაში, 3.6 ტონა საწვავი ჩასხმულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ავტოგასამართ სადგურებში, რაც სავარაუდოდ, არ უკავშირდება მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
აუდიტის დასკვნა: მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია: მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე;
საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
ავტორი: ნიუპრესი