|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ დავიცვათ თავი გაცივებისაგან?

ტემპერატურის მკვეთრ დაცემასთან ერთად  გახსნილად გამოცხადდა "გაციების სეზონიც".

 სიტყვა ”გაციება” თითოეულ ჩვენგანს ახსენებს ბავშვობას ყელზე შალის კაშნეთი, ჟოლოსმურაბიანი ჩაით, პარაცეტამოლის აბით და ასეთი დამოკიდებულებით: ”გაციებაში არაფერია საშიში, გარდა არასწორი მკურნალობის შედეგად თავჩენილი გართულებებისა”.

ადამიანი წელიწადში სამჯერ მაინც ცივდება. მწვავე დაავადებების რეიტინგში გაციებას მეოთხე ადგილი უკავია, თუმცა უმრავლესობას ის დაავადებად არც კი მიაჩნია და ჰგონია, რომ ფეხზეც შეიძლება გადაიტანოს. 

 გაციება, ასე უწოდებენ ხალხში ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებას, რომელიც სასუნთქი გზების ამ ნაწილის ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. გაციების სიმპტომებია სურდო, ცემინება, ფარინგიტი (ყელის ანთება).

 გაციება, როგორც სახელიც მიგვანიშნებს, შეიძლება გამოიწვიოს სხეულის გადაცივებამ, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დასუსტებული და გადაღლილი ორგანიზმისთვის. გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებაში ბრალი მიუძღვის ცხვირში, ხახასა და ბრონქებში არსებულ ბაქტერიებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიში არ არის, იმუნიტეტის დაქვეითებისას კი მრავლდება და იწვევს ფარინგიტს, ტონზილიტს და სხვა დაავადებებს.
ვირუსული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს არა მარტო ჰაერის, არამედ ხელების საშუალებითაც. ვირუსით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად დაუბანელი ხელებით არ უნდა შევეხოთ თვალებს, პირს, ცხვირს, ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით, განსაკუთრებით - ავადმყოფთან კონტაქტის შემთხვევაში.

 ვირუსული ინფექცია, რომელსაც ჩვენ გაციებას ვუწოდებთ, ხშირად თავისთავად, უწამლოდ იკურნება. საკმარისია მოსვენება, წოლითი რეჟიმი, დიდი რაოდენობით სითხის, ცალკეული სიმპტომების კუპირებისთვის - ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება.
არსებობს დაავადებები, რომლებიც სიმპტომატიკით გაციებას ჰგავს, მაგრამ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას და სპეციალური მედიკამენტების მიღებას მოითხოვს. თუ თავი ძალიან ცუდად იგრძენით, აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, რითი ხართ ავად და როგორი მკურნალობა გჭირდებათ.
თუ გგონიათ, რომ გრიპი დაგემართათ, გამოიძახეთ ექიმი მისი პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
ქრონიკული დაავადებების მქონე და 50 წელს გადაცილებული ადამიანები განსაკუთრებული რისკის ჯგუფებს ქმნიან. გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში მათ აუცილებლად, ვიმეორებ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აღარაფერს ვამბობ ისეთ სერიოზულ გართულებებზე, როგორიც არის პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრონქიტი, სინუსიტი და შუა ყურის ანთება (ოტიტი).
ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, თუ მაღალ ცხელებას (38 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას) თან ახლავს შემცივნება და ხველა სქელი ნახველით ან ხველა, რომელიც იწვევს მწვავე გულმკერდის ტკივილს (ასეთივე ტკივილს იწვევს ღრმა ჩასუნთქვაც), ასევე - თუ გაციების სიმპტომები 7 დღის განმავლობაში არ ალაგდა ან ნახველი სისხლიანია.
ყელის ტკივილის შემთხვევაში საყურადღებოა შემდეგი ნიშნები: ჩირქი (მოყვითალო-მოთეთრო ლაქა) ნუშურა ჯირკვლებზე ან ყელში, 38 გრადუსზე მაღალი ცხელება, კისრის წინა მხარეს ლიმფური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა, ანგინით დაავადებულთან კონტაქტი, გამონაყარი, ანამნეზში თირკმლის დაავადება, რევმატიზმი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი და სხვა.

წყარო:მკურნალი.გე

 

ავტორი: