|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ სარგებლობენ დამსაქმებლები ახალგაზრდების გამოუცდელობით - როდის ირღვევა შრომითი უფლებები?

შრომითი უფლებები მეტ-ნაკლებად ყველა სამსახურში ირღვევა, მაგრამ ამის შესახებ მას შემდეგ ხდება ცნობილი, როდესაც ამ დარღვევებზე დასაქმებულები ხმამაღლა იწყებენ საუბარს. საზოგადოების ყურადღების ცენტრში გახმაურებული საქმეები ექცევა, მაგრამ იშვიათად ვინმეს ესმის ახალგაზრდა გოგოების ხმა, რომლებიც გამოუცდელობით, კაბალურ პირობებზე თანხმდებიან და კვალიფიკაციის არ ქონის გამო კი ყველაზე მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ.  

ლელამ საჯარო სკოლა ცოტა ხნის წინ დაამთავრა და გადაწყვიტა, საკუთარი შრომით თანხა გამოემუშავებინა.  „გვჭირდება კონსულტანტი“, მაღაზიის ვიტრინაზე გამოკრულმა ამ აბრამ მისი ყურადღება მიიქცია.

 განუმარტეს, რომ მისი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყებოდა და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდებოდა, ერთსაათიანი შესვენებით, დღის განმავლობაში არც  ჩამოჯდომისა და  არც ტელეფონით სარგებლობის  უფლება არ ექნებოდა.  

„პირველსავე დღეს საწყობის დალაგება დამავალეს, მითხრეს, რომ ესეც შედიოდა ჩემს მოვალეობაში,  მთელი დღე ვიმუშავე, საღამოს სახლში დაბრუნებულს კი ფეხზე დგომა აღარ შემეძლო, სამი დღე  კი წელი მტკიოდა“, - ყვება ლელა თავისი პირველი სამუშაო გამოცდილების შესახებ.

 მისი თქმით, მეორე დღეს „სამსახურში“ წასვლა ვეღარ შეძლო, რის გამოც ამ სამუშაოზე უარის თქმა მოუხდა. ლელას თქმით, როგორც უთხრეს,  გამოსაცდელი ვადა 3 დღე იყო, რის შემდეგაც დაიწყებოდა ანაზღაურებადი დღეების ათვლა. რაც შეეხება ანაზღაურებას, ერთი თვეში კონსულტანტის ხელფასი 400 ლარი  იქნებოდა, რაც უფრო მიმზიდველად მოეჩვენა, ანაზღაურებას ყოველ ორ კვირაში აიღებდა.

  „ვფიქრობდი, რომ ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტის შრომა ასეთი რთული არ იქნებოდა, არ მეგონა, თუ  საწყობის დალაგება კონსულტანტის მოვალეობაში შედიოდა, თუმცა რადგანაც მითხრეს, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, დავემორჩილე, მაგრამ საქმე იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან შეიძლება, მეფიქრა.  ეს არ არის ბრენდული და არც დიდი მაღაზია, თუმცა მომხმარებელი ყოველთვის არის, მათთვის პასუხების გაცემა და სასურველი პროდუქციის შერჩევაში დახმარება, ერთი შეხედვით, რთული არ უნდა ყოფილიყო.  გასაგებია, რომ ჩამოჯდომა არ შეგვეძლო და ვერც ტელეფონით ვისარგებლებდით, გარდა შესვენების დროისა. შესვენება ერთი საათით არის, თუმცა ჯამში,  სამუშაო დრო  8 საათს აღემატება.

ვფიქრობ, შეგნებულად ხდება, რომ დამსაქმებლები პირველსავე დღეებში ახლად მოსულ სტაჟიორს მძიმე სამუშაოს შესრულებას აიძულებენ, რის შემდეგ დიდია შანსი,  რომ  მუშაობას აღარ გააგრძელებ, შედეგად მათ მძიმე საქმე სრულიად უსასყიდლოდ  შესრულებული რჩებათ, სტაჟორები კი უწყვეტლივ მოდიან, რადგან სამსახურის დაწყების მსურველი ბევრია, სამუშაო ადგილი კი ცოტა. ახლა უკვე ვიცი, რომ  ამიტომაც მაღაზიებზე თითქმის ჩამოუხსნელად რჩება წარსწერა, რომ კონსულტანტს ეძებენ, ასეთ სამუშაოს დიდხანს ვერავინ უძლებს“, - ყვება ლელა.

 მისი თქმით, ახალგაზრდების დასაქმებისათვის დიდი არჩევანი არ აქვთ, მუშაობა კაფე-ბარებში, ან მაღაზიებში უწევთ.  მთავარია, სამუშაო იშოვო,  შრომით უფლებებზე კი არავინ საუბრობს.  

ლელასაგან განსხვავებით ნინის უკვე ხანგრძლივი შრომითი გამოცდილება აქვს. მან რამდენიმე სამუშაო ადგილი  უკვე გამოიცვალა, ძირითადად, კაფე-ბარებში მუშაობის გამოცდილება დააგროვა.    

მისი თქმით,  როდესაც სამუშაოზე პრობლემა ჩნდება, ამაზე საუბრის დაწყებას სხვა სამსახურში გადასვლას ამჯობინებს.  მისი თქმით,  სადაც განსაზღვრულზე მეტი დატვირთვით მუშაობა უწევდა, სამსახურს ტოვებდა და ახალ სამუშაოს ძებნას იწყებდა.

 „გარდა საკუთარი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებისა,  სხვა საქმის გაკეთება  მაინც გიწევს. ძირითადად, ხელშეკრულების დადება  ერთი თვის შემდეგ ხდება, თუმცა როდესაც რამე არ მომწონს, ან ზედმეტი დატვირთვა მაქვს, სამსახურიდან წასვლა მინდა, მაგრამ ხელშეკრულება მავალდებულებს, რომ კიდევ ერთი თვე ვიმუშაო“, - ამბობს ნინი. 

 კითხვაზე, უცდია თუ არა თავისი უფლების დაცვა, ნინი ამბობს, რომ  არ იცის, რა ფორმით შეუძლია თავისი უფლების დაცვა და ვის შეიძლება,  მიმართოს.   ამასთან,  არის თავშეკავების მომენტიც, სადაც იმუშავა, თითქმის ხშირ შემთხვევაში, დამსაქმებელი ან ახლობელი, ან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამინი იყო და დაპირისპირებას მოერიდა.

ელენე 21 წლისაა, ის სტუდენტია და პერიოდულად სხვადასხვა ქსელურ სუპერმარკეტში მუშაობს.  უმეტესად ღამის ცვლაში ამჯობინებს მუშაობას,  რადგან დღისით სწავლობს.  ამბობს, რომ დატვირთვა ღამით არანაკლებია და ზოგჯერ საქმეს ვერ აუდიოდნენ. 

 "ღამით მომხმარებელი შედარებით ნაკლებია, თუმცა 2 ადამიანისათვის მაინც ძნელია,  სალაროსთანაც იყო და აწონვებზეც,  წესით,  3  თანამშრომელი მაინც უნდა ყოფილიყო, ხელფასზე თანხის დაქვითვა იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ სალაროში დანაკლისი იყო, 25-დან 50 ლარამდე, 5 და 10 ლარიც ყოფილა", - ამბობს ელენე.  

მისი თქმით, გარდა საკუთარი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებისა, სხვა საქმის გაკეთება  იშვიათად, მაგრამ მაინც  უწევდა, თუმცა ამბობს, რომ ამას იშვიათად აპროტესტებდა.  იმ დრომდე მოითმინა, ვიდრე საბოლოოდ არ გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსვლა.   

 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს,  შრომითი უფლებები  თითქმის ყველა სექტორში ირღვევა, მაგრამ ამის გამოვლენა დაბალია.

"შრომითი უფლების დარღვევა განეკუთვნება ისეთი ტიპის სამართადარღვევებს, რომელიც არის ლატენტური ხასიათის. ეს ნიშნავს, ხშირ შემთხვევაში შრომითი უფლებები ირღვევა ყველა სექტორში, მაგრამ ამის გამოვლენა  დაბალია. იქ სადაც არ არის პროფკავშირი და დასაქმებულები არ არიან აქტიურები, ხშირ შემთხვევაში დარღვევები რჩება სამსახურის კედლებში. ამ დარღვევების შესახებ მაშინ ხდება ცნობილი, თუ ეს ადამიანები თავად დაიწყებენ ამის შესახებ საუბარს. დუმილის მიზეზი ხშირად არის ის, რომ შიშობენ, კიდევ უფრო მეტად არ გაირთულონ ურთიერთობა დამსაქმებელთან“, - აცხადებს ირაკლი მხეიძე.

 ყველაზე ხშირად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გარდა, ადამიანების შრომითი უფლებები ზეგანაკვეთური შრომით ირღვევა.  დამქირავებლები ამჯობინებენ ერთ ადამიანს დააკისრონ რამდენიმე ადამიანის საქმე და დასაქმებულის მაქსიმალურად „გამოწურვის" შემდეგ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ და ახალ „მსხვერპლს" ირჩევენ, რომელსაც ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას აიძულებენ, მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ. დარღვვებს შორის ხშირია ხელფასის დაგვიანება, დაქვითვა.     

 დასაქმებულებს უწევთ არაპროფილური საქმის შესრულება, ისეთი საქმის შესრულება, რომელიც მის უშუალო მოვალეობაში არ შედის,  მაგალითად,  იატაკის დასუფთავება, მძიმე ტვირთის გადაადგილება.  შრომით უსაფრთხოების კანონების დარღვებაც ძალიან ხშირია. 

ირაკლი მხეიძის თქმით, შრომითი უფლებები დარღვევების სპექტრი ძალიან ფართოა. ერთ-ერთი მნიშვნელობანია ის, რომ არ ხდება შრომითი ხელშეკრულების წერილობით დადება. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რა ტიპის ხელშეკრულებაა ეს - ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულება არის კაბალური.

თუმცა, მისივე განმარტებით, უიმედო არც ის მდგომარეობაა, თუ დასაქმებულის ხელშეკრულება არ არის დადებული, -  "ასეთ შემთხვევებში, სასამართლოებში, შრომით დავებში, მტკიცების ტვირთი შებრუნებულია დამსაქმებლის მხარეს", - განმარტავს მხეიძე. 

 მისი თქმით, გამოსავალი არის, საკუთარი უფლებების დაცვა და დარღვებზე საუბრის დაწყება. არსებობს ორგანიზაციები, მათ შორის  რომლებიც დასაქმებულებს თავიანთი  შრომით უფლებების დაცვაში დაეხმარებათ. რაც შეეხება კონკრეტულად, მაღაზიებსა თუ ქსელურ მარკეტებში დასაქმებულებს, მხეიძე აღნიშნავს, რომ  არის პროფკავშირი,  სადაც მარკეტების ქსელების თანამშრომლები არიან გაერთიანებული, თუმცა სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებული ადამიანები ნაკლებად არიან ჩართული პროფკავშირებში.  გარდა ამისა, შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში,  ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ შრომის ინსპექციას.

 "ერთი რამ, რაც მათ უნდა იცოდნენ, ასეთი დარღვევები ყველა ვარიანტში იწვევს დამსაქმებელის პასუხისგებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანებმა იცოდნენ იმ ინსტიტუციების შესახებ, რაც დაიცავს მათ უფლებებს", - აღნიშნავს მხეიძე. 

 

 

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს”

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organisation «For Rights and Education» and do not necessarily reflect the views of the European Union

          

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე