როგორ შეეძლებათ 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს საპენსიო სისტემის დატოვება?
"თაღლითების მთავრობა მართავს ქვეყანას"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია.
გიგა შუშანიას შენიშვნები დაგროვებითი პენსიის სისტემასთან დაკავშირებით აქვს. მისი თქმით, სახელმწიფო დაგროვებით პენსიის ფარგლებში გარკვეულ საკითხებს უპასუხოდ ტოვებს. მისი თქმით, 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 2%-ის გადახდა გარკვეული ვადით მოუწევთ, თუმცა უცნობია, სად უნდა დაიწეროს განცხადება პროგრამიდან ამოსვლის შესახებ.
"მეგობრებო, დაგროვებით პენსიაზე ერთი საინტერესო სიახლე აღმოვაჩინე, რომელსაც მთავრობა გვიმალავდა (მე არსად მომისმენია ამის შესახებ), მიუხედავად იმისა, რომ გვიმტკიცებდნენ ეს რეფორმა 40 წელს ზემოთ პირებს არ შეეხებოდა, აღმოჩნდა, კანონში ჩაუწერიათ 3 თვე 40 წელს გადაცილებულმა პირებმაც უნდა ვიხადოთ 2%. ხოლო ამ 3 თვის გასვლის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში თუ არ დავწერთ განცხადებას (ჯერ ვერ დავადგინე სად) ამ პროგრამიდან ამოსვლის შესახებ, ავტომატურად პენსიამდე მოგვიწევს ამ თანხის გადახდა. ეს ინფორმაცია შემთხვევით გავიგე და დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ეცოდინება, ამიტომ დავწერე აქ. თაღლითების მთავრობა მართავს ქვეყანას. მე არ ვაპირებ ივანიშვილს და ჩხარტიშვილს ვანდო ჩემი ფული" - წერს გიგა შუშანია.
ინფორმაციამ სოციალურ ქსელში მოქალაქეების აჟიოტაჟი გამოიწვია.
"ნიუპრესი" საპენსიო სააგენტოს დაუკავშირდა. მათი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 3 თვე თანხის გადახდა უწევთ, საჯაროა, ასევე ცნობილია, ის ფაქტიც, რომ მათ შეუძლიათ განცხადება 2 თვის განმავლობაში დაწერონ. სააგენტოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და 69 რაიონში ეყოლებათ წარმომადგენელი.
"საპენსიო რეფორმის შესახებ ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი, ასევე გამოცხადებულია, სადაა ოფისი. მეორეც, შეთანხმება მიმდინარეობს სამინისტროსთან, ჯანდაცვის მინისტრი ჩვენი ბორდის ერთ-ერთი წევრია და ამ შეთანხმებით, ყველა რაიონში, სოციალური მომსახურების სააგენტოს 69 ფილიალში გვეყოლება წარმომადგენელი და მოქალაქეები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას. 3 თვის მანძილზე თუ ადამიანს სურვილი აქვს გამოვიდეს სქემიდან, მათ ექნებათ 2 თვე, დაწერონ განცხადება ამ სააგენტოებში და დატოვონ პროექტი, თუმცა, რეალურად, სხვა სურათი გვაქვს. ბევრს სურს ჩაერთოს პროგრამაში და მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ინტერესი მაღალია, როგორც თვითდასაქმებულების, ასევე საპენსიო ასაკის მოქალაქეთა მხრიდან. შემდგომ შესაძლებელია, დაგროვებული თანხის გატანა ერთდროულად. სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე სხვადასხვა მოდელი მოქმედებს. ზოგადად, ძალიან კარგი რეფორმაა და პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რასაც ვახორციელებთ. რეფორმის გარშემო მართლაც არსებობს კითხვები, მაგრამ უნდა გადაიდგას ნაბიჯი და რეფორმა უნდა დაიწყოს, რომ შემდგომ მოხდეს მისი დახვეწა. ეს არის ქართულ რეალობაზე მორგებული მოდელი და არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფო არ იხდის იმ 2%-ს, მაგრამ ჩვენთან ასე დავუშვით", - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.
დაგროვებითი პენსიის რეფორმა 1 იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეები პროექტში ავტომატურად ჩაერთვნენ, ისინი ხელფასის 2%-ის იხდიან, 2-2%-ს დამსაქმებელი და სახელმწიფო ამატებენ. 40 წელს ზემოთ დასაქმებულები, 3 თვის განმავლობაში ავტომატურად არიან პროექტში, შემდგომ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ პროექტი დატოვონ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი