როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, ევროკავშირის ლიდერებმა და ინსტიტუტებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია და მის მიერ საერთაშორისო კანონების დარღვევა. მათ მოსთხოვეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და უპირობოდ გამოიყვანოს ყოველგვარი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ევროკავშირი ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ევროკავშირი საქმითაც ამტკიცებს თავის მხარდაჭერას უკრაინისადმი. ისტორიაში პირველად, ის აფინანსებს იარაღის და სხვა აღჭურვილობის შესყიდვას და იმ ქვეყნისთვის მიწოდებას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. ამავე დროს, ევროკავშირი აძლიერებს სანქციებს როგორც კრემლის, ისე ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ აწესებს „უმკაცრეს სანქციებს“ რუსეთის წინააღმდეგ. ვის და როგორ ეხება ეს შეზღუდვები?
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა.
ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან — ნატოსთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად ამ ეტაპისთვის სანქციების ხუთ პაკეტზეა შეთანხმებული.
პირველი მათგანი ევროკავშირმა 23 თებერვალს რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. უკვე მეორე დღეს — 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მეორე პაკეტი დამტკიცდა. 26 თებერვალს, 28 თებერვალს და 9 მარტს კი ევროკავშირმა კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დააწესა.
ფინანსური სექტორი
ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. აღნიშნული ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს მნიშვნელოვნად უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას. ეს ყველაფერი რუსეთს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის.
გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას იწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს უკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება.
ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამასთან, ახალი ზომები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას. ამის მისაღწევად აიკრძალა: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა. სანქციები კრიპტოაქტივებზეც ვრცელდება.
ამ სანქციების სამიზნეა რუსეთის საბანკო ბაზრის 70% და უდიდესი სახელმწიფო კომპანიები — მათ შორის ისინიც, რომლებიც თავდაცვის სფეროში ფუნქციონირებენ. დაწესებული შეზღუდვების მეშვეობით რუსეთში მოიმატებს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები, გაიზრდება ინფლაცია და თანდათანობით ჩამოიშლება რუსეთის სამრეწველო ბაზა. ამასთან, რუსეთის ელიტას აღარ შეუძლია თავისი საბანკო ანგარიშებისა და ქონების ევროპაში უსაფრთხოდ გადამალვა.
საჰაერო სივრცე და ტრანსპორტი
ევროკავშირმა დაკეტა ევროპის საჰაერო სივრცე რუსეთის მფლობელობაში მყოფი ან რუსეთში რეგისტრირებული ყველა თვითმფრინავისთვის — მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის. ამ თვითმფრინავებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვება, ამ ტერიტორიიდან აფრენა ან მის თავზე გადაფრენა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა საავიაციო და კოსმოსური წარმოების საქონლისა და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტი აკრძალა. ასევე აიკრძალა ამ საქონელთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დაზღვევის თუ ტექნიკური მომსახურების სერვისებიც. ეს სანქციები ერთობ ეფექტიანი იქნება, რადგან რუსეთის კომერციული თვითმფრინავების ამჟამინდელი ფლოტის სამი მეოთხედი ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაშია წარმოებული.
ენერგეტიკა
ევროკავშირი ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვას, მიწოდებას, გადაზიდვას ან ექსპორტს კრძალავს. მან ასევე დააწესა შეზღუდვები შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაზეც.
ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ აძლევს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას.
ტექნოლოგიები
ავტორი: ნიუპრესი