რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში -ლევან ხაბეიშვილი
რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში, დაირეგისტრირეს 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება და 6 ათასზე მეტი რუსი ინდმეწარმედაც დარეგისტრირდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ის რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებასა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციაზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს.
"რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. ბოლო 6 თვის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებმა 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ვარკეთილის ან გლდანის ერთი მიკრორაიონი მხოლოდ უკანასკნელ 6 თვეში შეიძინეს. 6 თვეში რუსებმა 6 000-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის კომპანია დაარეგისტრირეს, ანუ საქართველოში ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკონტროლებს, მათ შორის, ამ მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. უსამშობლოა ხელისუფლება, უსამშობლოა ბიძინა ივანიშვილი, რომლის მთავარი ოცნებაც არის საქართველო ქართველების გარეშე. ამ პირობებში, როდესაც 10 ათასობით რუსი საქართველოში ბინადრობის უფლებას მოიპოვებს, ჩვენი თანამოქალაქეები ამ ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯილი გარბიან, უძრავ ქონებას ყიდიან, ოჯახებს, სამშობლოს ტოვებენ და სხვა ქვეყანაში მიდიან, იმიტომ რომ ოჯახის წევრები გამოკვებონ. ამასობაში, ოკუპანტებისთვის, რომლებიც შემდეგ უკვე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც კი არ აღიარებენ, აბსოლუტურად ყველაფერი არის მარტივი და ღია," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი: