ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები გააცნეს
ხარაგაულში ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს სტიქიის ტერიტორიაზე, მათივე თხოვნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები გააცნეს.
როგორც ინჟინერ-გეოლოგებმა აღნიშნეს, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე სამუშაოები. მოხდა ტერიტორიის აეროგადაღება, საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვა და ჭაბურღილების გაყვანა. გრუნტების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები.
სპეციალისტების თქმით, კილომეტრი და 100 მეტრია მეწყრის სიგრძე, ხოლო მეწყრის სისქე 43 მეტრს შეადგენს.
მას ახასიათებს რეგრესული ბუნება, ამიტომ, ტერიტორიაზე სახიფათოა გადაადგილება. არ შეიძლება ცხოვრება ასევე მეწყრის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
სპეციალისტების პროგნოზით, მეწყერი მისი ბუნებიდან გამომდინარე, მიუახლოვდება სკოლას, გაგრძელდება მდინარე ყარნებას კალაპოტის ამოვსებაც. ასევე, საფრთხის ქვეშ არის საავტომობილო გზები და სარკინიგზო მაგისტრალი.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ხემაღალსა და ღვერკში განვითარებული მეწყრული პროცესები მიზეზი ბუნებრივი ფაქტორებია.
აღინიშნა ისიც, რომ გეოლოგიურ წარსულში აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე გამოვლენილი იყო მეწყრები. რაც შეეხება მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემის საკითხს, აღინიშნა, რომ სტიქიით დაზარალებული თითოეული მოქალაქის შემთხვევას ხელისუფლება ინდივიდუალურად განიხილავს და დახმარების გარეშე არც ერთი ადამიანი არ დარჩება. შეხვედრაზე იყო დაპირისპირება.
ავტორი: ნიუპრესი