საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერთაღლითობის პრევენციისთვის
ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებ-გვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება კონკრეტული ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი ყალბი ვებგვერდი, რომელიც ითხოვს მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას, რითიც ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის:
1. არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი;
2. ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის ვებ-გვერდზე იმყოფებით. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;
3. ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ კომერციული ბანკის ვებგვერდის მისამართი.
4. მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.
ავტორი: ნიუპრესი