|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში დაკავებული ქართველები საელჩოს წარმომადგენელმა მოინახულა

საბერძნეთში საქართველოს  კონსულმა ნანა ჩაბრავამ  დღეს ათენში დაკავებული ქართველები მოინახულა. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა  ტვ“იმედს“ განუცხადა, იზოლატორში 32 დაკავებული ქალბატონია. 

„მიმდინარეობს შეხვედრები დაკავებულებთან. ბერძნული მხარე თანამშრომლობს ჩვენთან ამ ეტაპზე. საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც საბუთებთან აქვს პრობლემა, შეიძლება მოგვიყვანონ ერთ კვირაში საკონსულოში და ჩვენ ადგილზე გავუფორმოთ მათ პასპორტები და შესაბამისი საბუთები“, -განაცხადა ნანობაშვილმა.

"ათენის ქართველ მიგრანტთა" ხელმძღვანელი  ავთანდილ გიუნაშვილის ამ განცხადებას მნიშვნელოვან დაპირებად მიიჩნევს. მისი განმარტებით,  "თუ  საკონსულო  ამ ადამიანებს ბერძნულ მხარესთან თანამშრომლობით  საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დოკუმენტაციას მისცემს, ეს მათი გათავისუფლების მთავარი საწინდარი იქნება".

ათენში დაკავებული ქალბატონების შესახებ ინფორმაცია გუშინ "ათენის ქართველ მიგრანტთა" საინფორმციო ცენტრმა გაავრცელა, სადაც დაკავებულების ინტერესების დასაცავად რეაგირებისათვის საქართველოს საელჩოს მოუწოდებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე