|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო სამსახურები გათავისუფლდეს ცოლების, საყვარლების, ნათესავების არმიისაგან - ტორესა მოსი

ჯერ საჯარო სამსახურები გათავისუფლდეს ცოლების, საყვარლების, ნათესავების, ნათლია-ნათლულების და არაპროფესიონალი, კორუმპირებული საჯარო მოხელეების მთელი არმიისაგან, - ასე ეხმიანება მწერალი ტორესა მოსი პრემიერის ინიციატივას მერებისა და საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის შესახებ. 
როგორც ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს, პროფესიონალ საჯრო მოხელეებს უწევთ ბრიყვი და კორუმპირებულიუფროსების ატანა. 
 
"პრემიერს უთქვამს მერების ხელფასი უნდა გავზარდოო, 2000 ლარად როგორ უნდა იმუშაონო. მართალია, ვეთანხმები, 2000 ლარი ძალიან მცირე ხელფასია იმისთვის, რომ ადამიანმა საშუალოდ იცხოვროს. ოღონდ უბედურება ისაა, რომ ამ ქვეყანაში 2000+ ხელფასი, დასაქმებული ადამიანების მხოლოდ 10%-ს აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები კორუფციით და ნეპოტიზმით მაქსიმალურად გარყვნილიყო, ეს ქვეყანა ჯერ კიდევ რაღაცას ჰგავს იმ ათასობით პატიოსანი და პროფესიონალი საჯარო მოხელის შრომის ხარჯზე, რომლებიც უმადურ შრომას ეწევიან ძალიან მცირე ხელფასებით. მათ უწევთ უამრავი შეურაცხყოფის ატანა, ბრიყვი, კორუმპირებული და არაკომპეტენტური ხელმძღვანელების ატანა და მოთმენა, რომლებიც ამ პატიოსანი საჯარო მოხელეების შრომასაც ფასს უკარგავენ რიგითი მოქალაქის თვალში.
მე ვფიქრობ ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ, უნდა იღებდნენ შრომის ისეთ ანაზღაურებას, რომ საშუალო ცხოვრების დონე მათთვის უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ეკონომიკა იზრდებოდეს და ამ ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც უშუალოდ ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, საშუალო დონეზე მაინც ცხოვრობდნენ საკუთარი შრომით. ამისთვის აუცილებელია, რომ სამინისტროებში არ არსებობდეს ცოლებისა და საყვარლების დეპარტამენტები, მერიებში არ არსებობდეს ასეთივე ნიშნით შექმნილი სამსახურები და ა.შ.
დღეს ქვეყანაში ერთ პატიოსან, ენთუზიასტ, პროფესიონალ საჯარო მოხელეზე, მინიმუმ სამი ნეპოტიზმით, ანდა პოლიტიკური ნიშნით დანიშნული არაპროფესიონალი და კორუმპირებული მოხელე მოდის. ქვეყნის ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი, სწორედ მათ ხელფასებზე, პრემია დანამატებზე, მივლინებებზე, ავტომობილების შენახვისა და ბენზინის ხარჯებზე მოდის. ეს ხალხი, არა მხოლოდ არაფერ სასარგებლოს არ აკეთებს, არამედ ძირს უთხრის ინსტიტუციებისადმი ადამიანების ნდობას, წარმოადგენს დემოტივატორს პატიოსანი და პროფესიონალი საჯარო მოხელეებისთვის და მოიხმარს ფინანსურ რესურსს, რომელიც მშრომელმა, პატიოსანმა ადამიანებმა შექმნეს.
ამიტომ ერთადერთი გზა იმისათვის, რომ პატიოსან საჯარო მოხელეებს საკუთარი შრომის ადეკვატური ანაზღაურება ჰქონდეთ, აუცილებელია ჯერ საჯარო სამსახურები გათავისუფლდეს ცოლების, საყვარლების, ნათესავების, ნათლია-ნათლულების და არაპროფესიონალი, კორუმპირებული საჯარო მოხელეების მთელი არმიისაგან", - წერს ტორესა მოსი. 
შეგახსენებთ, დღეს 9 აგვისტოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მერების ხელფასი მცირეა და მას გააორმაგებს, პრემიერის თქმით, მერების ხელფასი 1800 ლარიდან 2 ათას ლარამდეა. თუმცა როგორც დოკუმენტებით გაირკვა, მერების ხელფასები 3500 ლარიდან 4500 ლარამდე მერყეობს, მათ აქვთ ასევე დანამატები და სხვა ბენეფიტები. 
 

ავტორი: ნიუპრესი