საკალმახიდან ქართული თევზის საკვების წარმოებამდე
კახაბერ გასვიანი ცაგერის რაიონში ცხოვრობს, სადაც მიტოვებული ტბორისა და გაუვალი ტყეების ადგილას საკალმახე აუზები მოაწყო და აგროტურიზმი განავითარა. ევროკავშირის დახმარებით კახაბერმა თევზის საკვების წარმოება დაიწყო, როგორც საკუთარი, ასევე რეგიონში არსებული სხვა სათევზე მეურნეობებისთვის.
„საკალმახე არ ერქვა ამ ადგილს - 2005 წლიდან დავიწყე პატარა ტბორით, აქ გაუვალი ტყე და პატარა ჭაობი იყო. ნელ-ნელა, ყოველწლიურად იხვეწებოდა, ვითარდებოდა და 2013 წლიდან უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა თევზის განვითარება. ამ ადგილას ახლა ქართველი ტურისტებიც მოდიან და უცხოელებიც. მაშინ აზრადაც არ მქონია, ფიქრადაც კი, რომ აქაურობა ასე დაიხვეწებოდა. ლეჩხუმში მეთევზეობა არა თუ განვითარებული, საერთოდ არ იყო. პირველი ვიყავი, ვინც ეს საქმე წამოიწყო“, - ასე აღწერს იმ პირველ ნაბიჯებს, რომელიც კახაბერ გასვიანმა საკალმახის მოსაწყობად გადადგა.
როგორც თავად გვიყვება, საკალმახეების ზრდასთან ერთად, ხარჯების შემცირებასა და თევზის ხარისხის გაუმჯობესებაზე დაიწყო ფიქრი, იმაზე, თუ რით შეიძლებოდა დაეინტერესებინა და მიეზიდა ხალხი. სწორედ ამ ძიების პროცესში შეიტყო კახაბერმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „გრეტას“ შესახებ და თავისი იდეა გაუზიარა, რომ აპირებდა თევზის საწარმოს სრული ხაზის მოწყობას, რაც საკალმახესთან ერთად თევზის საკვები ქარხნის მოწყობას გულისხმობდა:
„მოვიდნენ, დაათვალიერეს აქაურობა, მოეწონათ და ჩემი იდეა დააფინანსეს. მათთვის მარტივად გასაგები აღმოჩნდა, რომ გამომდინარე სუფთა, ცივი წყლიდან თევზი მთაში განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს იღებს. პირობების გარდა, კალმახს სჭირდება გამოკვება. საქართველოში თევზის საკვები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოაქვთ და არ ვიცით რითი ამზადებენ. ეს საკითხი საკალმახეებისთვის ძალიან პრობლემურია. მცირე საკალმახეები მალევე იხურება, რადგან თევზის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება. ბევრჯერ მიმიღია ისეთი საკვები, რომელიც უკვე დაობებული იყო, თევზისთვის უწყენია, თევზი დაუხოცია, არა მარტო ჩემთვის, ბევრისთვის. ამისთვის ვერავის მოსთხოვ პასუხს. თევზის მოწამლვა კი იმხელა ზიანს აყენებს წარმოებას, ეს რისკად არცერთ საკალმახეს არ უღირს“, - აღნიშავს კახაბერ გასვიანი.
როგორც კახაბერი გვიყვება, ევროკავშირი პროექტის მონაწილეებს მსხვილ კომპანიებთან კომუნიკაციაში მარკეტინგის მიმართულებითაც ეხმარება, რაც მეწარმეებისთვის ბაზრის სწრაფად ათვისების პოტენციალს ზრდის:
„იმ დანადგარების სრული ხაზი, რაც დღეს ქარხანაში გვაქვს, მთლიანად ევროკავშირის დახმარებით შევიძინეთ. უდიდესი წვლილია, უდიდესი. არა მარტო დანადგარები, მეწარმისთვის თავად წარმოება მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაწარმის ბაზარზე გატანა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ამაშიც გვეხმარება - პროდუქტისთვის ბიო სერთიფიკატის მინიჭება, შეფუთვა და რეკლამა, - ჩართულები არიან პროცესში და მეხმარებიან, რომ საქართველოს ბაზარი აითვისოს ჩემმა პროდუქტმა, შემდეგ კი ევროპულ ბაზარზეც გავიტანოთ. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სხვადსხვა კომპანიასთან და როგორ შეიძლება, ეს დახმარება არ იყოს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის განვითარებისთვის“?! - აღნიშნავს კახაბერი.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დაფინანსებით საჭირო დანადგარები შეიძინა, ინგრედიენტების პოვნა და წარმოება დაიწყო:
„დიდი წვალების შემდეგ, მივაკვლიეთ იტალიურ კომპანიას, რომელიც ერთერთ ყველაზე ხარისხიან საკვებს ამზადებს თევზისთვის. გავშიფრეთ შემადგენლობა და ვნახეთ, რომ ყველა საჭირო ინგრედიენტი მოიპოვება საქართველოში. თავად ინგრედიენტებსაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ვყიდულობ – სიმინდია, ფქვილია, თუ სხვა პროდუქტი, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურად აძლიერებს სხვა ადგილობრივ წარმოებასაც. შესაბამისად, მათთვისაც იზრდება მოთხოვნა და თავიანთი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი თუ მე დამეხმარა, მე კიდევ სხვას შევუწყე ხელი, ჯამში ეს მთლიანად აძლიერებს ჩვენს კუთხეს და ეკონომიკას“, - ასე აფასებს კაბერ გასვიანი ევროკავშირის როლს ქართველი მეწარმეებისთვის.
მეწარმის თქმით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სრულად შეძლო, დასახული მიზნები განეხორციელებინა და ხარისხიანი ქართული პროდუქტი ეწარმოებინა:
„მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენ მიერ დამზადებული საკვები არაა იაფი, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილთან შედარებით, მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ამას ისიც ემატება, რომ შენ იცი რას აჭმევ თევზს და ნდობა უფრო დიდია. რაც თავად ვამზადებ საკვებს, ჩემი თევზების გამოკვება საკუთარი საკვებით დავიწყე და გარდა იმისა, რომ თევზის სიკვდილიანობა ნულამდე დავიდა, გემოვნური თვისებებით ალბათ სამჯერ მეტად აღემატება წინანდელს. ჯერ კიდევ არ ვარ დასრულების ფაზაში, რადგან ახალი დაწყებული გვაქვს ქართულ ბაზარზე რეალიზაცია და ამას გარკვეული დრო ჭირდება. ჯერჯერობით, ჩვენი ბაზრის მოთხოვნებს რაოდენობრივად, ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ მე მჯერა, რომ დაახლოებით 1 წელში უკვე სრულად ჩანაცვლდება შემოტანილი საკვები ჩვენი ადგილობრივი საკვებით“ - ამბობს კახაბერ გასვიანი.
მეწარმეობის ხელშეწყობისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის ყოველწლიურად მილიონობით ლარს გამოყოფს.
ავტორი: თამარ კურატიშვილი