|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კონსტიტუციის სახალხო განხილვამ მქუხარე ტაშის ფონზე ჩაიარა

ქუთაისში კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა მიმდინარეობს.  მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მესხიშვილის თეატრში სრული პოლიტიკური სპექტრი არის  შეკრებილი, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა". შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.

ირაკლი კობახიძის თქმით, "ხდება არადემოკრატიული კონსტიტუციის დემოკრატიული კონსტიტუციით შეცვლა".   "ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო - ეს არის 4 ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც ვაწარმოებთ ახალ რედაქციას,  უნდა შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო ყველა იურისტისთვის. ცვლილებები შეეხება თითქმის ყველა მუხლს",-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად,  საქართველოში ჩამოყალიბდება საპარლამენტო მმართველობა, კონსტიტუციის ცვლილებების შედეგად კი მთავრობა იქნება ერთადერთი აღმასრულებელი ორგანო.  "პრეზიდენტის კომპეტენციებთან დაკავშირებით ცვლილება არ გვაქვს, არსებითად იგივე სტატუსით და იგივე კომპეტენციებით რჩება", -განაცხადა კობახიძემ.

თუმცა, იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი - კობახიძის   განცხადებით, "ის,  რომ ხალხს ვართმევთ პრეზიდენტის არჩევის უფლებას, არის დემაგოგია".

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უმრავლესობა აცხადებს,  რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება, თუმცა იცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს ეხება.

"შეიძლება, მართლაც დარჩეს პარლამენტი ქუთაისში, მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში დარჩეს ეს ჩანაწერი. ითქვა, რომ თუ სხვა ფუნქციას შეიძენდა ქუთაისი, ეს იყო საუნივერსიტეტო ქალაქის, მაშინ შეიძლება აქედან წასულიყო პარლამენტი. იყო დაპირება, რომ 60 ათას სტუდენტზე აშენდებოდა აქ კამპუსი. დღეს გამოაქვეყნა "საქსტატმა" მონაცემები და სრულად საქართველოში არის 40 ათასი სტუდენტი. თქვენ დაგპირდნენ, რომ ქუთაისში იქნებოდა 60 ათასი, თუ გჯერათ, თქვენ საქმეა"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.  მან ასევე უარყოფითი შეფასება მისცა საარჩევნო სისტემის და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებას.

კაპანაძის გამოსვლას დარბაზის უკმაყოფილო შეძახილები მოყვა, განსხვავებით პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისა, რომელიც კონსტიტუციის განსახილველად შეკრებილმა ქუთაისელებმა ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვეს.

გამომსვლელთა კითხვები, ძირითადად, პარლამენტის ქუთაისში დარჩენის საკითხს, პრეზიდენტის არჩევის წესს და საარჩევნო ბლოკების გაუქმების საკითხს შეეხო. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა