სამართლიანი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს მედიისთვის უსაფრთხო გარემოს გარეშე - საერთაშორისო ორგანიზაციები
პრესის თავისუფლების დამცველმა ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატა არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტების, მათ შორის ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
განცხადებაში საუბარია მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის საერთო გაუარესებაზე, შეფასება საქართველოში ევროპის საბჭოს პრესის თავისუფლების ბოლო მისიის დასკვნებს ეყრდნობა.
პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას "დაასრულოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა ინციდენტი“.
"მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს მედიისთვის უსაფრთხო გარემოს გარეშე. ჟურნალისტების მუშაობა არსებითია, რათა გამოვლინდეს არასათანადო ქმედებები არჩევნებამდე და არჩევნების დროს და მოქალაქეებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე პრესის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში.
მას ხელს აწერენ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ARTICLE 19 Europe, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), OBC Transeuropa (OBCT) და Free Press Unlimited (FPU).
ავტორი: