სამი კაცი ჩავალთ შახტში და გავმართავთ მოლაპარაკებას - ბეჟან წაქაძე
ტყიბულში გაფიცული მეშახტეების პრობლემის გასაცნობად ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე მივიდა. წაქაძე ძიძიგურის შახტის თანამშრომლებს შეხვდა. მისი თქმით, ის მაქსიმალურად ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში. ამ ეტაპზე კი, შახტში მყოფებს საკვები გაუგზავნეს.
მისივე თქმით, არსებობს მოლაპარაკების რესურსი და გაფიცულ მეშახტეებს შეხვდება.
"მეშახტეებს შევხვდით, გავიგე მათი პრობლემები, შემდეგ ვესაუბრე ადმინისტრაციას და პირველ ეტაპზე, რაც იყო აუცილებელი, საკვები გავუგზავნეთ. რაც შეეხება მოლაპარაკებას, მე მათ შევთავაზე მოლაპარაკება, დარწმუნებული ვარ, ამოვლენ. თუ არადა, სამი კაცი ჩავალთ შახტში და გავმართავთ მოლაპარაკებას. აქ, უბრალოდ, გაუგებრობაა. მათ დადებული აქვთ ხელშეკრეულება, რომელსაც გავივლით ორივე მხარესთან. ხელმძღვანელობა თავაზობს შეიქმნას კომისია მათი ხელმძღვანელობით. ყველანი ერთად გაივლიან ამ პრობლემებს. თუ ადმინისტრაცია აღმოჩნდება დამნაშავე, ისინი პასუხისმგებელი არიან, რომ აანაზღაურონ ყველა განაცდური ხელფასი. შესაძლოა, დღესვე მოხდეს შეხვედრა, შესაძლოა, გვიან ღამით, ან ხვალ. ვიცით, რომ ხელფასზეა მოთხოვნა და ყველა ერთად გავივლით ამ საკითხს. მე, როგორც ვიცი, ამ წუთში შეუძლოდ არავინ არის"-განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
შეგახსენებთ, მეორე დღეა ტყიბულის მინდელის შახტიდან 11 ადამიანი ამოსვლაზე უარს აცხადებს. ისინი შემცირებულ ხელფასებს აპროტესტებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი