სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
"უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ ბიუროკრატიას და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში.
ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება.
ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ ვერ ესწრება.
შედეგად, ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურა - განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის, პროცედურული ფორმალიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის ვადაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა, მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურით წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე.
აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სამთავრობო პროგრამა სრულად არის მზად და დღეს იგი დადგენილი პროცედურის თანახმად, განსახილველად შევა პარლამენტში.
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსესუსი შედგება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
ბახტაძის თქმით, ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება.
ავტორი: ნიუპრესი