სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში და შესაძლოა, სასაფლაოებზეც გავიდეთ - მეუფე იოანე
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველის, მეუფე იოანეს განცხადებით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი ჩატარდება. მეუფე იოანეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები სამშაბათს უკვე მოხსნილი იქნება და შესაძლოა, სასაფლაოზე გასვლაც შეძლონ.
"მკაცრი რეგულაციები დააწესა ხელისუფლებამ ჩვენი ზრუნვის გამო და თქვა, რომ 21-მდე იქნება. 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს, მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ," - განაცხადა მეუფე იოანემ.
მრევლის განცხადებით, ისინი ეკლესიაში საფრთხეს არ გრძნობენ. მათი თქმით, თუ რამდენჯერმე დისტანცია დაირღვა, ეს მექანიკურად მოხდა.
შეგახსენებთ, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21 აპრილამდე დაწესდა, რაც შეეხება საფლავებზე გასვლას, აკრძალვა 10 დღითაა გამოცხადებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი