|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საოჯახო მეურნებიდან ფერმერობამდე

17 წლის წინ, ენრიკ სტეფანიანმა წალკაში კარტოფილის მცირე წარმოება შექმნა. წელს ახალგაზრდა ფერმერი 600 ტონა მოსავალს ელოდება, კარტოფილის იმპორტირებული ნახევარფაბრიკატების ქართულით ჩანაცვლებასა და წარმოების გაფართოებაზე ფიქრობს

 

წარმოშობით წალკიდანაა, მაგრამ თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დასასვენებლად ბებიასთან რომ ჩადიოდა ხოლმე, მიწაზე მუშაობაში ეხმარებოდა და ეს საქმიანობა იმდენად მოსწონდა, მოგვიანებით გადაწყვიტა, თავადაც წამოეწყო მცირე მეურნეობა:

 

17 წლის წინ, როცა წალკაში ამოვედი, ბავშვი ვიყავი, ბებიას ვეხმარებოდი, მეზობლებს ვეხმარებოდი დასვენების პერიოდში და მერე თვითონ დამაინტერესა ეს საქმე. მალევე მივხვდი, რომ ეს საქმიანობა მართლა ჩემია. კარტოფილის წარმოება დავიწყე 2000 კვადრატიდან და დღეს უკვე, 16-17 წლის თავზე 40 ჰექტარზე ვარ ასული და ეს მიწა უკვე ჩემს საკუთრებაშია. პირველ წელს 2000 კვადრატი კარტოფილი დავთესე და ყველაფერი აქედან დაიწყო. მერე ნელა-ნელა გავფართოვდი, მიწა და ტექნიკა შევიძინე. მაშინ არც მიწა... არაფერი არ მქონდა... ახლა კი, ევროკავშირის დახმარებით, ტექნიკაც გვაქვს და საწყობიც“ - ამბობს ენრიკ სტეფანიანი და იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც როგორც ფერმერმა გამოიარა.

 

მისი თქმით, წარმატებას თან უამრავი სირთულე ახლდა. სოფელში არსებულ ძველ საწყობში კარტოფილის დიდხანს შენახვა შეუძლებელი იყო და მოსავალი ფუჭდებოდა. ამ პრობლემის მოგვარებაში ახალგაზრდა ფერმერს ევროკავშირი დაეხმარა. 204 423 ლარის თანადაფინანსებით, ფერმერმა 800 კვადრატული მეტრის საწყობი ააშენა. ევროკავშირის მხარდაჭერით ენრიკმა საწყობისთვის სორტირების დანადგარიც შეიძინა, რაც კარტოფილის გადარჩევის პროცესს ამარტივებს:

 

„სანამ პროექტს განვახორციელებდით, საწყობი არ გვქონდა და ძალიან დიდ სირთულეებს ვაწყდებოდით. ზამთარში გვეშინოდა, რომ კარტოფილი გაგვეყინებოდა; ზაფხულში გვეშინოდა, რომ კარტოფილი გაღვივდებოდა, დასათესად არ ივარგებდა და ეს შიშები სულ გვქონდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ შესანახი ადგილის არ ქონის გამო, ფასს აღარ ვუყურებდით და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, მოსავალი ოღონდ როგორმე, ნებისმიერ ფასში გაგვეყიდა. ახლა, აგერ მეოთხე წელია, რაც ევროკავშირის დახმარებით ეს საწყობი ავაშენეთ და უკვე აღარ ვჩქარობთ; მოსავლის შემოტანა არ გვეშინია და კარტოფილის ამოყიდვაზეც არ ვართ ორიენტირებულები. პირიქით, როცა ფასი დაბალია, შეგვიძლია დაველოდოთ ბაზარზე კარტიფილის ფასის ზრდას და მერე გავყიდოთ. ამას გარდა, ადრე თუ 10 ჰექტარს ვთესავდით მოსავლის გაფუჭების შიშით, ახლა 40 ჰექტრამდე გვაქვს გაზრდილი ფართობი - ამბობს ენრიკ სტეფანიანი.

 

წალკის მუნიციპალიტეტში ევროკავშირმა ემპარდის პროექტი 5 წლის წინ დაიწყო. ენრიკ სტეფანიანმა  გრანტი ოთხი წლის მოიპოვა, რითაც შესაძლებლობა მიეცა თავისი სამეწარმეო მიზნები განეხორციელებინა:

 

„დავწერეთ პროექტი, რომელიც მოიცავდა კარტოფილის სორტირების სრული ხაზის მოწყობას წალკაში. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ჩემმა სასაწყობე მეურნეობამ განვითარება უმაღლესი სტანდარტების დაცვით შეძლო. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები ყველგან, მაგრამ დავძლიეთ და განვახორციელეთ მიზნები. ჯამში პროექტის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 180 000 ლარი მივიღე, დანარჩენი ჩემი კონტრიბუცია იყო. ვაწარმოებ როგორც საკვებ კარტოფილს, ასეევე სათესლე მასალას. ყოველ წელს ევორპიდან ჩამოგვაქვს ელიტარული ჯიშები. ვაწყობთ სადემონსტრაციო ნაკვეთებს, ვარჩევთ, რომელია ამ ჯიშებიდან ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის კლიმატური და მერე შემაგვაქვს, ვთესავთ და ვავრცელებთ მთლიან საქართველოში“.

 

როგორც ფერმერი გვიყვება, საწყობის არსებობა დიდი ბენეფიტია როგორც თავად მისი მეურეობისთვის,  ასევე რაიონში არსებული სხვა მცირე მეურნეობებისთვისაც:

 

„წალკის მუნიციპალიტეტის სხვა მცირე ფერმერებსაც, ვისაც საწყობი არ აქვთ, შეუძლიათ, მოიტანონ კარტოფილი, ვუხარისხებთ და ვუნახავთ. ეს საწყობი ევროპული სტანდარტებითაა აშენებული. სიცხეში სიგრილეს იკავებს და სიგრილეში სითბოს. სწორედ ეს არის ამ საწყობის უპირქტესობა და ასევე ისიც, რომ 5.20 მეტრი  გახლავთ ამ საწყობის სიმაღლე, რითაც ძალიან გვიადვილებს საქმეს. დატვირთული მანქანა შემოდის, თავისით ცლის და გამოდის. ამ პროეტის განხორციელებამ აქ ბევრ ადამიანს გაუჩინა შესაძლებლობები. წალკაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილებიც გააჩინა. დამეთანხმებით, რეგიონში დასაქმების დიდი პრობლემაა. ჩვენ 80 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ძირითადად ახალგაზრდები და ქალები არიან. ქალები კრეფენ კარტოფილს, ბიჭებს მტვირთავის ფუნქცია აქვთ - შემოაქვთ მოსავალი და ასაწყობებენ. ამის შემდეგ თვითონ საწყობში გრძელდება მუშაობა, სადაც ვარჩევთ - საჭმელ და სათესლე კარტოფილს ცალ-ცალკე - ამბობს ფერმერი.

 

„ევროკავშირმა მხარდაჭერით შრომის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა და გამეფართოვებინა. შესაძლებლობა მომცა, ძალიან რთული სამუშაო პირობებიდან ევროკავშირის სტანდარტების დაცვით მომეწყო საწყობი, შემეძინა ტექნიკა და წარმატებულ მეწარმედ შევმდგარიყავი. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ევროკავშირისგან ეს ფინანსური მხარდაჭერა გამოიყენა და მცირე მეწარმეებიდან ფერმერებად გადაგვაქცია. ის სიკეთეები, რაც ევროკავშირის პროექტების რეგიონებში შემოსვლას მოყვა, მთლიანად საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერებაზე მუშაობს და ქვეყნის განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის“ - აღნიშნავს ამბობს ენრიკ სტეფანიანი.

მეწარმეობის ხელშეწყობისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის რეგიონებში და არა მარტო, ევროკავშირი საქართველოსთვის ყოველწლიურად მილიონობით ლარს გამოყოფს.




ავტორი: თამარ კურატიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა