|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, გრიგოლ ვაშაძემ - 40.46%, სალომე ზურაბიშვილმა 59.54% მიიღო

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო. 

„ამ დროისათვის, თითქმის ყველა, 3702 საარჩევნო უბნის მონაცემი დათვლილია და შემაჯამებელი ოქმები ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე. ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილ 3 საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგები შემდეგია: 

№5 გრიგოლ ვაშაძე -  40.46%, (779 614 ხმა)

№48 სალომე ზურაბიშვილი  59.54%, (1 147 106  ხმა) 

რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების წინასწარ შედეგებს, 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი და საზღვარგარეთ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: 

№5 გრიგოლ ვაშაძე - 64. 27 %,  (5 216 ხმა)

№48 სალომე ზურაბიშვილი  35.73%, (2 900 ხმა) 

„აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად.  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ შემაჯამებელ ოქმებს სპეციალურ პროგრამაში. საღამოს, 22:00 საათისთვის უკვე დაწყებული იყო ცესკოს მიერ მიღებული ოქმების ვებ გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან  რამდენიმე საათში, კერძოდ კი 24:00 საათამდე გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა  ცესკოს ვებგვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა. 

ანა მიქელაძემ მედიას ასევე  გააცნო ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით  307 საჩივარია შესული. „საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. საჩივრების  უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარზე საარჩევნო კომისიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა მიქელაძემ. 

ბრიფინგის ბოლოს, ცესკოს პრეს-სპიკერმა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა