საქართველოს გზა ევროპული ბაზრისაკენ - საჯარო დისკუსია ქუთაისში
საქართველოს გზა ევროპული ბაზრისაკენ - საჯარო დისკუსია ადგილობრივი მეწარმეებისა და განათლების სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში გაიმართა.
შეხვედრას მიესალმა ქალაქის მერი შოთა მურღულია, მხარის ვიცე გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი, წერეთლის უნივერსიტეტის სახელით- პრორექტორი შალვა კირთაძე.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, მეწარმეები არიან ის ხალხი, ვინც, პირველ რიგში, უნდა ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმებით, რომელიც გულისხმობს პროდუქციის, კაპიტალისა და სერვისის გადაადგილების თავისუფლებას.
DCFTA- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) მეოთხე თავი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმების სახელით არის ცნობილი, ითვალისწინებს ორმხრივი ვაჭრობის ლიბერალიზაციას და საბაჟო გადასახადების გაუქმებას, რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს. თუმცა, ამავდროულად, ევროპის ბაზარზე გასვლა გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების მიღებას.
მეწარმეებს, რომლებიც გადაწყვეტენ პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას, პირველი რაც მათ მოეთხოვებათ, პროდუქციის უსაფრთხოებაა.
შეთანხმების საფუძველზე ქართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ევროპული მხარის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ამ შესაძლებლობების რეალიზება კი გარკვეულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებთანაა დაკავშირებული.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მცირე და საშუალო მეწარმეები ევროპული ბაზრისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. ეს, უპირველესად, ადამიანური რესურსის განვითარების საჭიროებებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ დისკუსიაზე განათლების სფეროს ჩართულობაზე გაკეთდა აქცენტი. როგორც ითქვა, ხშირად თავად კერძო სექტორის წარმომადგენლებს სათანადოდ არ აქვთ გაცნობიერებული საკითხის მნიშვნელობა.
პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა წეროძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში პროფესიული განათლების რეაბილიტაცია ხდება. პროფესიულ სასწავლებლებში პროფესიების შერჩევა ბაზრის მოთხოვნებს ითვალისწინებს. ამ პროცესში ჩართული არიან კომპანიები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ახალ პროექტზე - "ზრდასრულთა განათლება", რომელიც გულისხმობს “სწავლას ცხოვრების მანძილზე" და ადამიანების მიერ ახალი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
შეხვედრაზე მეწარმეებმა ყველა იმ პროცედურის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას უკავშირდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე