"საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან"
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ცნობით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან.
უწყება IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად 2022 წლის საწყისი 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 723 მოქალაქეს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 728-ვე პირი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ.
„იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა მსურველთა მომართვიანობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.
სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილ იქნა რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ“, - ნათქვამია განმარტებაში.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2018-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13,575 პირს.
საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8,464 პირიდან 72% (6,075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ."
ავტორი: ნიუპრესი