საქართველოს მოსახლეობის 49 პროცენტს ევროკავშირზე დადებითი წარმოდგენა აქვს
საქართველოს მოსახლეობის 49%-ს აქვს დადებითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში- აღნიშნულის შესახებ კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს უარყოფითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (13%) ნაკლებია.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 83% თვლის, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან არის კარგი – ეს იგივე მაჩვენებელია, რაც 2017 წელს და გაცილებით აღემატება რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს - 63%-ს.
საქართველოში ადამიანების 70% ენდობა ევროკავშირს (4%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით). ნდობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ კვლავ დაბალია (24%).
საქართველოს მოსახლეობის 67%-მა (9%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით) იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 59% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში 2018 წლის მარტ/აპრილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ყოველწლიური კვლევები ტარდება უკვე სამი წელია; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.
საქართველოში კვლევა პირისპირ ინტერვიუების საშუალებით 1,000-კაციან რეპრეზენტატიულ ამონარჩევში ჩატარდა.
ავტორი: ნიუპრესი