მთავრობა დღეს ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს
საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს დღეს წარადგენს.
მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში უნდა შევიდეს დახმარების პაკეტები იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაკარგეს ან დაკარგავენ სამსახურს.
დღესვე ცნობილი უნდა გახდეს, რა შეღავათები ექნება ბიზნესის იმ სფეროებს, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის დროს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაზარალდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმაში რა დოზით იქნება გათვალისწინებული სოციალური პაკეტი მოწყვლადი ჯგუფებისათვის.
ამასთან, დღეს უნდა მოხდეს შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმის წარდგენა.
არსებული ინფორმაციით, მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსიდან 300 მილიონი ლარი ჯანდაცვის სექტორისთვის, ნახევარი მილიარდი ბიზნესისთვის, ერთი მილიარდი კი ფიზიკური პირების დახმარების დაფინანსებისთვის დაიხარჯება.
შეგახსენებთ, ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე გაატარა აუცილებელი ზომები, მათ შორის – სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; ცხრა მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო; ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები; სამი თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს.
შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან, რაც მთავრობის უპრეცედენტო მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ავტორი: ნიუპრესი