საქართველოს რკინიგზა ახალი ინიციატივით გამოდის [R]
სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობის მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე - ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები განახორციელოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის მიმართულებით. საუბარია ტერმინალებში შესული ავტომობილებიდან ტვირთების რკინიგზის ვაგონებსა თუ კონტეინერებში გადატვირთვაზე და მათ საბოლოო დანიშნულების პუნქტებამდე გაგზავნაზე.
,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საქართველოს რკინიგზას. სამი საკვანძო ტერმინალიდან, როგორებიცაა - ბათუმი, ფოთი, თბილისი, საქართველოს რკინიგზა მზად არის შესაბამისი მოცულობის ტვირთები გადაზიდოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის, სომხეთის მიმართულებით კონკურენტუნარიანი ტარიფებით. ტარიფები ბუნებრივია დამოკიდებულია ტვირთების სახეობასა და მოცულობაზე.“ - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.
დავით ფერაძის თქმით, საკონტეინერო გადაზიდვის პროცესში, მისაღები ტარიფებით უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება ადამიანური რესურსის მინიმალური ჩართულობით.
შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზა აღნიშნული ინიციატივით ხელს უწყობს სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო, ეფექტურ და შეუფერხებელ განხორციელებას.
ავტორი: ნიუპრესი