საქართველოს რკინიგზა "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ცემის ფაქტს ეხმიანება
საქართველოს რკინიგზა "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფის ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს დილით, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს. მოგეხსენებათ, რომ ,,საქართველოს რკინიგზა“ უღელტეხილის მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის (ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთი) მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები სრულდება შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონტრაქტორ ორგანიზაციას. საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ხვალ მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მედია ტურზე. უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გადაიღონ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ხვალ დილით, 11 საათზე, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან, თამარ მეფის 15-ში ველოდებით ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს, რათა ერთად გავემგზავროთ ქვიშხეთში და მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ მათთვის საინტერესო კადრების გადაღება და შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ავტორი: ნიუპრესი