2018 წელს ხანდაზმულთა დღე „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ხანდაზმულ ჩემპიონებს“ ეძღვნებათ
საქართველოს სახალხო დამცველი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, წელს ეს დღე „ხანდაზმულ ჩემპიონებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“ ეძღვნებათ.
"1 ოქტომბერს მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის დაწესება 1990 წელს მიღებულ გაეროს რეზოლუციას უკავშირდება და მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარებაში ხანდაზმულ პირთა წვლილის აღიარებას.
მსოფლიოში მოსახლეობის დაბერების კვალდაკვალ დღის წესრიგში დგება ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დღესაც მოუწოდებს სახელმწიფოებს გააძლიერონ ძალისხმევა ხანდაზმული ადამიანების განსაკუთრებული საჭიროებების და გამოწვევების საპასუხოდ. ვინაიდან, ადეკვატური ხელშეწყობის პირობებში მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირებაში.
სწორედ ამიტომ, 2018 წელს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ეძღვნებათ „ხანდაზმულ ჩემპიონებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“ - მათ, ვინც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს ადამიანის უფლებების განვითარებას, სრულყოფასა და ევოლუციას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მოღვაწეობით და წვლილი შეიტანეს თავისუფალი მსოფლიოს შექმნის პროცესში.
მიუხედავად უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე საერთაშორისო დონეზე გადადგმული პროგრესული ნაბიჯებისა, ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში კვლავაც მრავალი გამოწვევაა. სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და არაერთი რეკომენდაციით მიმართავს რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ გარკვეული ჩარჩო დოკუმენტების მიღების მიუხედავად, სახელმწიფო ვერ დგამს ეფექტურ ნაბიჯებს ხანდაზმულ პირთა ყოფის გასაუმჯობესებლად.
სისტემურ პრობლემებს შორის კვლავ აქტუალურია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, მათ მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის პრობლემა, უწყვეტი განათლების სისტემის ხარვეზები, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტურობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა.
დასახელებულ პრობლემებზე ასევე ყურადღება გამახვილდა გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის როზა კორნფელდ მატეს ანგარიშში, რომელიც 2018 წელს საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის შედეგებს ასახავს. ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომდგენლებს და გაიზიარა სახალხო დამცველის შეფასებები ხანდაზმული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად გააგრძელებს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას და იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ორგანოები მიიღებენ დროულ და ეფექტიან ზომებს ამ პირთა მიერ ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტური თავისუფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველსაყოფად"-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი