|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წელი შეუსრულდა. დღეს ქართული არმია თანამედროვე, მოქნილი, მობილური სამხედრო ძალაა, რომელიც მუდამ მზადაა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია 1990 წლიდან იწყება. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები _ ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
ქვეყანას ისტორიის მოკლე პერიოდში რამდენჯერმე მოუხდა თავისი შეიარაღებული ძალების ომში გამოცდა. ქართული ქვედანაყოფები თავდადებით იბრძოდნენ 1992-1993, 2004 და 2008 წლებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. რამდენიმე ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მისიებში _ კოსოვოში, ერაყში, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან. 1996 წლიდან საქართველო მასპინძლობს „ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.
2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ერთი ქვეითი ასეული ჩაერთო. 2014 წლის ზაფხულში აღნიშნულმა ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასება და ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს გადის.
უელსის სამიტის ფარგლებში საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი მიიღო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას, აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ამაღლებს ნატოსთან თავსებადობას.
არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში 2015 წელს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაარსდა, სადაც საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის წვრთნები ჩატარდება.
ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 25 წლის განმავლობაში გაიარა. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალად ფასდება.
4 მაისს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღე საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ ასევე მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წლის იუბილე მიულოცა, მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველ სამხედროებს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
_„ჩვენ გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი _ დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა... დღეს თქვენ აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს. თქვენ დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში. თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას. ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მინდა, თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ ბუნებრივია, მათი საქმე და მათი სულები აქ არიან, მომავლშიც იქნებიან და გააძლიერებენ ჩვენს სამშობლოს,“ _ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს.
ქართულ ჯარს იუბილე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
_ მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი დღე. საქართველოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ხნის არის და ჩვენ ყველანი ერთად გავიზარდეთ _ ჯარი, სამოქალაქო სექტორი და ქართული დამოუკიდებელი მედია. ეს არის სახელმწიფო, რომელიც, სწორედ, ჯარის სიძლიერეს ეფუძნება. ქართული სახელმწიფო ჯარის წარმატებაზეა დიდ წილად დამოკიდებული. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც წარმატებული იქნება შეიარაღებული ძალებისთვის, წარმატებულია მთელი ქვეყნისთვის. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ წარმატების სამსახურში. ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო იყოს, უფრო ენთუზიაზმით სავსე, გამოწვევებით ნაკლები და მეტი შემართებით, _ აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა