ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები, შესაძლოა, ევროპაში არ აღიარონ
ევროკავშირის ელჩები საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ევროკავშირის საბჭოს გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს, ჩეხეთს მიენიჭოს მანდატი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკება აწარმოოს.
“ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღდეგ და ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე. ეს ასევე მოყვება 2008 წლის რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას აღიაროს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობა.
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვალიდურ საბუთად ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთისთვის”, - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი