საქართველოში 11 218 აივ ინფიცირებული პირია, წელს ინფექციის 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 – მამაკაცი და 2 809 – ქალი; 2 402 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6900-ზე მეტი პაციენტი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:
30 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;
53 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
14 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;
0.9 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში.
„გვახსოვს, ვმოქმედებთ, ვიბრძვით მომავლისთვის!“ - 2025 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად გამოვაცხადოთ გლობალური სოლიდარობა აივ ინფიცირებულების მიმართ, ვიმოქმედოთ, რათა დავარღვიოთ სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერები და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ 2030 წლისათვის დასრულდეს აივ/შიდსის ეპიდემია.
ავტორი: ნიუპრესი