|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობა საკმაოდ მაღალია და 36%-ს შეადგენს

სახალხო დამცველი ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობის შესახებ დისკუსიის დაწყებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მიესალმება ქალთა მოძრაობის მიერ დაწყებულ კამპანიას.

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის ზრდის მათ მოწყვლადობას დისკრიმინაციის და ოჯახში ძალადობისადმი. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა საკმაოდ მაღალია და 36%-ს შეადგენს. ამასთან, 2018 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ თანახმად, თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების ნიშნით, საქართველომ 149 ქვეყანას შორის  45-ე ადგილიდან 69-ზე გადაინაცვლა. სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას. მაშინ, როდესაც, აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეში მონაწილეობის თვალსაზრისით, ქალთა წვლილი კაცებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო დიდია (ქალი-33.3, კაცი-14.7). 

სქესთა შორის განსხვავებული ანაზღაურება უარყოფითად აისახება ქალთა თანასწორუფლებიანობის ზოგად მდგომარეობაზე და ცალკეული ძირითადი უფლებების დისკრიმინაციულად შეზღუდვის საფუძველს ქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კვლავ არსებობს სტერეოტიპები, რომელიც ქალს სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობისას გენდერულ ბარიერებს განუსაზღვრავს, ფინანსური შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების არსებობამ შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ქალების გარკვეული ჯგუფის სოციალური მარგინალიზაცია გამოიწვიოს. 

ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ოჯახში ძალადობასთან, ვინაიდან ოჯახში ძალადობის თავის დაღწევის ერთ-ერთ დაბრკოლებას, სწორედ მოძალადეზე ან მის ოჯახზე ფინანსური დამოკიდებულება წარმოადგენს.  

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მეთოდოლოგია, თუ  როგორ უნდა განისაზღვროს თანაბარი ღირებულების შრომა. რაც შემდგომში, სახელფასო სხვაობის ზუსტი მონაცემის დადგენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას აბრკოლებს. ამასთან, არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრობლემის განხილვაში და დაიგეგმოს ეფექტური ღონისძიებები არსებული დისბალანსის შემცირების და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისათვის.  



ავტორი: ნიუპრესი