|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსის 500-მდე ახალი შემთხვევაა დღეში - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსის 500-მდე ახალი შემთხვევაა დღეში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცერცვაძის ინფორმაციით,  27 იანვარს ჯანმო-მ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

 მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ შტამად. გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი. ეს შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მათი რაოდენობა იზრდება. ითვლება, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ყველაზე მეტი გადამდებლობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება. თუმცა ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად.

როგორც ცერცვაძე ამბობს, ზოგიერთ ქვეყანაში COVID-ის ახალი შტამი - „ორტრუსი“ გამოვლინდა, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ შტამით ინფიცირების შემთხვევა საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

რიგ ქვეყნებში ფიქსირდება COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება, მაგალითად, იაპონიაში ა.წ. 2 თებერვალს COVID-ით 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ის მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში დღეში საშუალოდ 500-მდე COVID გარდაცვალება ფიქსირდებოდა.

ვარაუდობენ, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა სტანდარტული ვაქცინის მიმართ. ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინები კი ამ სუბვარიანტისგანაც იცავს, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.

 

"საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მცირე (დღეში 500-მდე), COVID ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების (300-მდე) და დადებითობის მაჩვენებლის (6-7%-მდე) მატება. თუმცა COVID გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურსუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“,- წერს თნგიზ ცერცვაძე. 

ის რეკომენდაციებსაც გასცემს და საჭირო მედიკამენტების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

 "დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: "პაქსლოვიდი" ან "რემდესივირი", რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას. ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვევაშიც კი, სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ "პაქსლოვიდის" ან "რემდესივირის" გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

რაც შეეხება გრიპს, ცერცვაძის  ინფორმაციით, საქართველოში  გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევაა. 

ავტორი: