საქართველოში საჰაერო ტაქსით მგზავრობა 4-5 ათასი დოლარი ღირს
საქართველოში საჰაერო ტაქსებზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, 100%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანია ”ეარ ჩარტერის" დამაარსებელმა ლევან გურგენიძე საუბრობს.
მისი თქმით, საჰაერო ტაქსებზე ფასები ძალიან მაღალია. საჰაერო ტაქსით, რომელშიც 4-5 ადამიანი ჯდება, ორი გზის ღირებულება 4-5 ათასი დოლარის ფარგლებშია. ფასი საჰაერო გზის მანძილსა და ლოდინის დროზეა დამოკიდებული.
”ყოველ წელს მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ გვყავს კლიენტები, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. არის ისეთი კატეგორიის საფრენი აპარატები, რომელთა ექსპლუატაციაც ძალიან ძვირი ჯდება. მომხმარებელი ძირითადად მაღალშემოსავლიანი სეგმენტია. სურვილი გვაქვს, რომ საშუალო შემოსავლიან სეგმენტსაც მოვემსახუროთ. მაგალითად თუ მაღალშემოსავლიანი სეგმენტში, ერთ პირს შეუძლია დაიქირავოს ჩარტერი და გადაფრინდეს ბათუმში, ამის ფონზე არის საშუალო შემოსავლიანი კატეგორია, მეგობრების ჯგუფი, რომლებსაც სურთ გადაფრინდნენ დავუშვათ მესტიაში და დაბრუნდნენ უკან, რატომაც არა, მათთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ ამ სეგმენტზე ჭირს ბიუჯეტის მორგება. ეს რომ შევძლოთ, ქვყანაში ისეთი სახის აპარატები უნდა შემოვიდეს, რომელიც შედარებით ბევრ მგზავრზე იქნება გათვლილი. მთლიანი რეისის ხარჯი კი დიდ რაოდენობაზე გადანაწილდება. თუ დავუშვათ რეისი 1000 დოლარი ღირს, ათი კაცი 100-100 დოლარად იმგზავრებს, ეს უკვე ყველასთვის მისაღები იქნება”, - ამბობს ლევან გურგენიძე.
კომპანია ”ეარ ჩარტერის" დამფუძნებელი ქვეყანაში შესაბამისი საფრენი აპარატების ნაკლებობაზე საუბრობს, რის გამოც კლიენტებს შესაბამის მომსახურებას ვერ უწევენ.
”ჩვენ გვყავს უცხოელი პარტნიორები დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და რუსეთში. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. თუმცა, საფრენი აპარატების დეფიციტი გვაქვს. ეკონომიკის სამინისტროს გარკვეული მონახაზი შევთავაზეთ, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებაში ჩაერთოს, მოგვცეს კერძო სექტორს საშუალება, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ვიცით, რომ სახელმწიფოს ბალანსზე არის გარკვეული ტიპის ნორმალური ვერტმფრენები. ეკონომიკის სამინისტროს შევთავაზეთ, რომ ეს ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში გამოგვეყენებინა, ღირებულებას ავანაზღაურებდით და ტურისტულ პოტენციალს მეტად დავტვირთავდით. თუმცა ამ ეტაპზე პასუხის მოლოდინში ვართ”, - ამბობს ლევან გურგენიძე.
მისივე განცხადებით, დარგის განვითარებისთვის საჭიროა ინვესტიცია. დაინტერესებაა არაბეთის საემიროებიდან, თუმცა როგორც ლევან გურგენიძე ამბობს ინვესტორებს მყარი გარანტიები სჭირდებათ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს ბიზნესი მათთვის წამგებიანი არ იქნება.
წყარო: www.bpn.ge
ავტორი: ნიუპრესს