|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა. საქართველოს პრეზიდენტმა დროშა საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. 
პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ შეასრულა.

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის სახლებიდან გადმოფენისა და დროშის დღის აღნიშვნისაკენ მოუწოდა.
,,ძალიან საამოა, რომ დღეს სახელმწიფო დროშის დღეს, სწორედ უჯარმის ციხეზე აღიმართა საქართველოს დროშა. უჯარმა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაყრდენი იყო ყოველთვის. დროშა ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად აღვმართეთ და მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ და გადმოფინონ დროშები სახლებიდან. სახელმწიფო დროშა არის ის სიმბოლო, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს“, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.
დღესვე, პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება მცხეთაში, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას ბებრის ციხეზე აღმართავს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი ,,მცხეთა“, შეასრულებს.
გორში კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკრები სახელმწიფო დროშას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით 12:30 საათზე აღმართავენ. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროშის დღეს მიულოცავს.
ქუთაისში, დროშას ექიმები, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ ,,ქუთაისის“ მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით აღმართავენ.
სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი ,,სენაკი“ შეასრულებს.

ავტორი: ნიუპრესი