|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სარეკლამო ბილბორდებით დაფარული ისტორია

     ძეგლი-საზოგადო მოღვაწისა და ღირსეული წინაპრს  მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების მაჩვენებელია, ასევე ისტორიაა ქვაში გამოხატული. ძეგლები ხშირად იდეოლოგიურ ფუნქციას იძენენ, ამიტომ მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ორაზროვანია. ნაწილი თვლის, რომ ძეგლი, ბიუსტი მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებებს უნდა დაუდგან, ნაწილი შედარებით ლოიალურია და მიაჩნია, რომ ისტორია, როგორიც არ უნდა იყოს ის, ქვეყნის წარსულია და მისი წაშლა დაუშვებელია.

ქუთაისში,  ბოლო პერიოდში განსჯის საგანი გახდა უკრაინაში მებრძოლი ვასილ კიკვიძის ძეგლი, რომელც დღემდე მისსავე სახელობის სკვერში დგას. ანტირუსულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი ძეგლის, როგორც უკრაინისა და საქართველოს მეგობრობის „შავი ლაქის“ დაუყოვნებლივ დემონტაჟს მოითხოვს. მათ ძეგლის აღების მოთხოვნით თვითმმართველობასაც მიმართეს და ქვეყნის „შემარცხვენელს“ საღებავი გადაასხეს.

საქართველოს მიმართ დამსახურებას ვერ უწუნებენ პუბლიცისტს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძეს, თუმცა ქუთაისში მდებარე მისი ძეგლის მიმართ სათანადო დამოკიდებულებას მაინც არ იჩენენ.

 ილია ჭავჭავაძის ძეგლს  სარეკლამო ბილბორდები  მალავს. რის გამოც  მისი შემჩნება თითქმის შეუძლებელია. ჩვენს  მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ  ცოტამ თუ იცის, სად მდებარეობს ილია ჭავჭავაძის ძეგლი. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

 "ნიუპრესი" დაინტერესდა,  რამდენად გამართლებულია ძეგლების სარეკლამო ბილბორდით გადაფარვა.  ამ საკითხთან დაკავშირებით, არქიტექტორს ანდრო მარჯანიშვილს გავესაუბრეთ. მარჯანიშვილი 2013-2014 წლებში ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. მოგვიანებით რეორგანიზაციის პერიოდში არქიტექტურა და ზედამხედველობა გაერთიანდა და ერთი სამსახური ჩამოყალიბდა, სადაც მარჯანიშვილმა განყოფილების უფროსობა ჩაიბარა, თუმცა სამსახურებრივი უფუნქციობის გამო, როგორც თავად ამბობს,  თანამდებობა  საკუთარი სურვილით დატოვა. მარჯანიშვილის თქმით, კულტურულ-ისტორიული ძეგლების მიმართ არსებული დამოკიდებულება იმის შედეგია,  რომ ქალაქს ურბანული განვითარების გეგმა არ აქვს.  მისივე განმარტებით, ჭავჭავაძის ძეგლი, ბილბორდის დადგმამდეც  ისეთ ადგილზე იყო განთავსებული, რომ ქალაქში მცხოვრებთა 80% -მა არ იცოდა  მისი ადგილმდებარეობის შესახებ. 

"პრობლემა მდგომარეობს ურბანული გეგმის არარსებობაში, რაც სამომავლოდ სერიოზულ  საფრთხეს შეგვიქმნის. ქალაქს თანდათან ემატება "მახინჯი" შენობა-ნაგებობები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს",-განაცხადა მარჯანიშვილმა.

 მარჯანიშვილის თქმით, მას ჰქონდა მოთხოვნა აღნიშნული ძეგლის ადგილმდებარეობის შეცვლასთან  დაკავშირებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალაქისთვის კულტურულ ძეგლებზე პრიორიტეტული სხვა საკითხები აღმოჩნდა.

კითხვაზე, რა ევალება ამ კუთხით არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს? -გვპასუხობს: „ამჟამად არქიტექტურის სამსახური  ძირითადად დაკავებულია დოკუმენტთბრუნვით, ხოლო სუფთა არქიტექტურულ- შემოქმედებითი საქმიანობა ქალაქში  არ ხორციელდება“.

როგორც ანდრო მარჯანიშვილი აღნიშნავს, ქალაქდაგეგმარებითი დოკუმენტის შექმნის  კანონები ითვალისწინებას იმას, რომ იქ  აუცილებლად ხაზგასმით  შესწავლილი და გამოკვეთილი  უნდა იყოს ყველა ის ისტორიული ძეგლი, რაც ქალაქს აქვს.

"გენერალური გეგმის დამუშავების პროცესში ისტორიული ღირებულების მქონე ნივთებს  თავისი  ადგილი მიეჩინება, მაგრამ, რადგანაც  გენერალური გეგმა არ გაგვაჩნია, ამ საკითხის გადწყვეტა ხდება ლოკალურად. 

ქალაქში არის ძეგლები, რომლებიც  სახელმწიფოს,  ქალაქის, ან  კერძო პირის საკუთრებაა. კერძო პირის საკუთრების შემთხვევაში პატრონი თავად უზრუნველყოფს  ისტორიული ნივთების მოვლა-პატრონობას.  ხოლო, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა,  მაგალითად „ბაგრატის ტაძარი“  სახელწიფო უზრუნველყოფს მის მოვლა-პატრონობას. რამდენად ხორციელდება ეს,  რთული სათქმელია.  რომ ვთქვათ,  არაფერი კეთდება,  არ ვიქნებით მართალი.   გარდამავალი პერიოდია,  ყველაფერი კარგად არ გვაქვს, ბევრია გასაკეთებელი. მერიის პირველი პირებიდან არის სურვილი, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა აღნიშნულ პრობლემის მოგვარება, რადგან ქალაქს  უფრო აუცილებელი პრობლემები ჰქონია მოსაგვარებელი, ვიდრე  არქიტექტურა, რომელიც თურმე  მოიცდის. მე,  როგორც პროფესიონალი გეუბნებით, რომ არქიტექტურა  არ მოიცდის. ქალაქში იმდენი მახინჯი შენობა  ჩნდება,  გარკვეული დროის მერე უსაშველო თავსატეხი იქნება ეს. არასწორი შენობების გამო კატასტროფები ხდება თბილისში, არც ქუთაისს აცდება ეს, თუ არ იქნება სწორი მიმართულება",- განმარტა მარჯანიშვილმა.

მარჯანიშვილის იდეა იყო გაეკეთებინა „ძეგლების სასაფლაო“, იგივე ძეგლების მუზეუმი, ის იქნებოდა ღია ცის ქვეშ და ყველა ძეგლი ერთად მოიყრიდა თავს, რაც ადგილობრივებს და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემდა არსებული ძეგლები ერთ სივრცეში დაეთვალიერებინათ. რაც შეეხება   ჭავჭავაძის ძეგლს, მარჯანიშვილს გაცილებით ფართომასშტაბიანი გეგმა  ჰქონდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე გაუქმებული რკინიგზის აღებას და მის ადგილზე ორმხრივი მოძრაობის გზის გაკეთებას გულისხმობდა. აღნიშნული გზა გამზირზე მოძრაობას განმუხტავდა, გზების შუაში მდებარე პატარა სკვერში კი ძეგლი დაიდგმებოდა და სკვერიც სავარაუდოდ,  ჭავჭავაძის სახელს მიიღებდა. თუმცა იდეა იდეად დარჩა, ჭავჭავაძის ძეგლი კი თავის ადგილზე.

ქუთაისში არქიტექტურული სამუშაოები ფაქტიურად არ ხორციელდება, რაც ორმაგ პრობლემას იწვევს: დამახინჯებულ იერსახეს და გამქრალ კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს. მიზეზი იმისა, რომ ქალაში არქიტექტურული პროექტების სიმცირე შეიმჩნევა,  ქალაქის მთავარი არქიტექტურის პოსტის გაუქმებაა.

ვიდრე ქვაში შემონახული ისტორია პოლიტიკური ჭრილიდან ვერ გამოვა და ვიდრე ხელისუფლებები ძეგლების მხოლოდ იდეური მნიშვნელობით შეფასებას არ შეწყვეტენ,  იქამდე კითხვაზე-  იციან, თუ არა, სად მდებარეობს ესა თუ ის ისტორიული, თუნდაც კულტურული ძეგლი,  პასუხი იქნება - არა. ძეგლები კი კვლავ  „ნაძვების ჩრდილში“ გააგრძელებენ არსებობას, რადგან „ძეგლები მიწას არ ამძიმებენ“.

                                                                                      

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი