სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და მსჯავრდებულებისთვის კონკრეტულ პროექტებს განახორციელებენ, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტრო მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებს პროექტების განხორციელების პროცესში, თავის მხრივ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.
მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მათი ხედვების, პროექტების დეტალების, ვადების, განხორციელების გზების, დაგეგმილი აქტივობების და მოსალოდნელი შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი შეეხო სამინისტროსა და აღნიშნული ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ფორმებს. დაზუსტდა რეგიონები და მუნიციპალიტეტები, ასევე, ის პენიტენციური დაწესებულებები, რომლებსაც აღნიშნული პროექტები დაფარავს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების პრეზენტაცია განხორციელდა, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ პენიტენციისა და პრობაციის სისტემაში დაგეგმილი რეფორმების განვითარების მიმართულებით. დეტალურად განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვინ ახლო მომავალში დაწესებულებას დატოვებს. ამდენად, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ სასჯელაღსრულების სისტემისთვის, ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტებს ორგანიზაციები - „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“, „ჰილსვერკ ავსტრია ინტერნაციონალი“ პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობით მსჯავრდებულებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით განახორციელებენ. ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია იურიდიული და ფსიქო-სოციალური დახმარება; სარეაბილიტაციო და არტ თერაპიის კურსები; პროფესიული მომზადება; ტრენინგები; სოციალური საწარმოების გახსნა და დასაქმება და სხვა სახის აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას, გათავისუფლებისთვის მომზადებას, რეინტეგრაციას საზოგადოებაში და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელის პიტერ დენისის განცხადებით, სამინისტროსა და პროექტების განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მან დადებითად შეაფასა ის, რომ ყველა მხარე შედეგზეა ორიენტირებული და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისების სისტემურობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს და ეს პროცესი პროექტების დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს. პიტერ დენისმა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ბენეფიციარების სათანადოდ ინფორმირების და პროექტების ხარისხიანად განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეები მჭიდრო კომუნიკაციასა და საჭირო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ პროექტებისა და ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებული სერვისების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტი გამოიცემა, რომელიც გათავისუფლებისას მსჯავრდებულებს დაურიგდებათ. ამასთან, უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ინფორმირება სოციალური მუშაკების მეშვეობით მოხდება.
შეხვედრა EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით შედგა. მასში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა, ასევე, პროექტების განმახორციელებელი არასამთავრობოების პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაიმართება, პირველად შედეგებზე იმსჯელებენ.
ავტორი: ნიუპრესი