|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„შვილად აყვანის“ კანონპროექტში სახალხო დამცველი ცვლილებებს ითხოვს

 სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა.

წინადადების თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს ადგილობრივი გაშვილების  მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო ნორმებში,  მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო გაშვილების მარეგულირებელი საკანონმდებლო  ნორმების ხარვეზებზე.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ჰააგის კონვენციის პრინციპის შესაბამისად, უნდა მოხდეს ეროვნული გაშვილების სისტემაში საერთაშორისო გაშვილების წესის მოქცევა; საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის კრიტერიუმების დადგენა; საქართველოს სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ გაშვილების საქმეებზე მონიტორინგის სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტება.

მისი განცხადებით, ასევე, უნდა გადაიხედოს,  მინდობით აღზრდის ქვეპროგრამას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის წესი. კერძოდ, უნდა შეიცვალოს კანონპროექტის 70–ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი, რომლის მშობელიც მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებამოსილების ნაწილში მხარდამჭერად დანიშნული ჰყავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ექვემდებარება მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვას.

აღნიშნული საფუძვლით ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა და მისი სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მოთხოვნებს და უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერვენცია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ზრუნვისა და აღზრდის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ზემოაღნიშნული წინადადების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს საჭირო ცვლილებები „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე განსაზღვროს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის მომწესრიგებელი ნორმების ნორმატიული შინაარსი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა