|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წახალისდეს.

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“,- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ავტორი: