|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვერავინ მიხედავს ამ ბავშვებს ისე, როგორც გულნატკენი დედა"

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდსა“  და ქუთაისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 ფონდი თბილისში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის "ბედნიერი სახლის" აშენებას გეგმავს, რისთვისაც საჭირო თანხების შეგროვებას ცდილობს. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება  სასტუმრო ბაგრატში გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე  ფონდში მყოფი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

  ფონდის დამაარსებელმა დედა თინათინმა  ფონდის დაარსებისა და შემოწირულებების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.  დედა თინათინის განცხადებით, ონკოლოგიური  სენით დაავადებულთათვის მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა. მისივე თქმით, ამ დიდ საქმეზე ყველამ ერთი აგური უნდა დავდოთ.

„მაშინ როდებას, ბერი ანდრია საავადმყოფოში იყო, ძალიან განიცდიდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მდგომარეობას. იმას, რომ მათზე არავინ ზრუნავდა. მეუბნებოდა „დე, მერე ხომ მიხედავ ამ ბავშვებს“, მერე - გარდაცვალების შემდეგ პერიოდს ნიშნავდა. მაშინ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, თუმცა ფონდის წევრები, ჩემი შვილობილები  დღემდე მაძლევინებენ და მეტად მანდომებენ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას. ვერავინ  მიხედავს ამ ბავშვებს ისე, როგორც გულნატკენი დედა. სულ მქონდა იმის წუხილი, რომ დედას არავინ დამიძახებდა, თუმცა დღეს ფონდში ჩემი შვილობილები "დეს" მიძახიან, რაც მეტ მოტივაციას მაძლევს. ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ამ ბავშვების დასახმარებლად. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბერი ანდრია კი დაიბადა სვანეთში, მაგრამ გაიზარდა ქუთაისში და მე მიხარია, რომ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად ქუთაისში გავაფორმეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს  და ყველას, ვინც გვეხმარება“,-განაცხადა დედა თინათინმა.

დედა თინათინს რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებისთვის თბილისში სახლი აქვს ნაქირავები, სადაც  ამ დროისთვის 55 ბავშვი გადის რეაბილიტაციას.  2015 წელს „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ სახელმწიფოს მიერ თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

სარეაბილიტაციო ცენტრის მნიშვნელობაზე ფონდის იმ წევრებმა ისაუბრეს, რომლებმაც დაავადება უკვე დაამარცხეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ფონდის არსებობა, მე როდესაც 5 წლის წინ დაავადებას ვებრძოდი,  მაშინ გავიცანი დედა თინათინი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს განკურნებაში.  ჩვენ მხოლოდ შემოწირულობებზე არ ვართ დაყრდნობილი. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ჩვენც ვშრომობთ, გვაქვს რამდენიმე სოციალური პროექტი. ფონდის წევრის მშობელმა მიწა გვაჩუქა, სადაც ვაპირებთ კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის მოყვანას, რომლსაც გავყიდით და რაღაც წვლილს შევიტანთ სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობისთვის",-განაცხადა  ბექა ბარამიამ.  
"სამი წელია ფონდში ვარ, კონტროლის ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში ამ ფონდის არსებობა, რეაბილიტაცია. არ დამავიწყდება ჩვენი ძმობილი ქიმიოთერაპიის შემდეგ ძალიან დასუსტებული იყო, თავს  ცუდად გრძნობდა. გვითხრეს, რომ საჭმელს არ ჭამდა. ჩვენ ყველამ დავურეკეთ და  ვესაუბრეთ. ცოტახნის შემდეგ დაგვირეკა და გვითხრა, არ იჯავროთ, საჭმელი ვჭამე და უკეთ ვარო.  ასე ვამხნევებთ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის სტიმული ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფონდი  გვეხმარება არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ეკონომიურად, მორალურად, ნამდვილად ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ ასევე  გვაქვს სოციალური პროექტები, რომელიც ჩვენი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმარება. ბათუმის მერიის დახმარებით, ბათუმში ვაპირებთ კაფის მშენებლობას, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ და ეს თანხა ჩაირიცხება ფონდში რადგან ავაშენოთ სარეაბილიტაციო სახლი",- თქვა ოთო  გოგილაშვილმა.

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ 2012 წელს დაარსდა და ადრეულ ასაკში სიმსივნით გარდაცვლილი ბერი ანდრიას (ნუგზარ მილორავა) სახელს ატარებს. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვაა. ფონდი მის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, აქტიური მკურნალობით, რეაბილიტაციის პროცესში საჭირო საცხოვრებლის, გართობა-დასვენების, საკვებისა და გადაადგილების უზრუნველყოფით, სრულიად უანგაროდ ეხმარება. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში ფონდმა შეძლო დახმარებოდა ასამდე ბავშვს და მათ ოჯახებს. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდაჭერით რამდენიმე ბავშვის სამედიცინო კვლევა დაფინანსდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი