ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმი მოეწყობა
ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობა იგეგმება.
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ძველ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარე სახლში ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა 1993 წლის დეკემბერში, სამოქალაქო ომის დროს. სახლი ეკუთვნოდა ძველი ხიბულას მკვიდრ კარლო ღურწკაიას. ზვიად გამსახურდია ამ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში, 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა.
სახლი ორსართულიანია, ქვედა სართული ქვისაა, ზედა ხის. წინა მხარეს აქვს აივანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიდგმული აქვს ქვის კიბე. სახლის ფართობი 108 კვ. მეტრია, საკარმიდამო ნაკვეთისა 12500.00 კვ. მეტრი. სახლი ძლიერ დაზიანებულია და მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას.
2015 წელს საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეისყიდა აღნიშნული აღნიშნული სახლ-კარი და საკარმიდამო ნაკვეთი. ამჟამად იგი გაფორმებულია ნუგზარ შონიას სახელზე.
ნუგზარ შონია და საზოგადოება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობის მიზნით გამოთქვამს მზაობას, აღნიშნული სახლ-კარი გადასცეს სახელმწიფოს.
ავტორი: ნიუპრესი