საზოგადოებრივი სამუშაოზე დასაქმებულის ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა
საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით,საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის როგორც ფიზიკური შრომა, ასევე, გარკვეული საოფისე საქმიანობები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს დასაქმების სააგენტოსი.
ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ უჩერდება, პირიქით, მათ უნარჩუნდებათ 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან. განსაზღვრულია აქაც ხელფასი - თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო შესრულებისას განისაზღვრა 300 ლარით. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას,“ - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ნიუპრესი