|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება

 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.  

ცესკო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების პროტესტს, რომლის მოთხოვნა კიდევ უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა იყო, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობად აფასებს.

ცესკოს განმარტებით,  გადაწყვეტილება  საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე მიიღო. ამასთან აღნიშნავს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით გაზრდილია უბნების რაოდენობა.

„აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ შორის საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა", -აცხადებს ცესკო.

 რაც შეეხება აღრიცხვაზე დადგომას,  „არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში. 

 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.  

დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების და მათი მისამართების შესახებ განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ", - აცხადებს ცესკო.

 ცნობისთვის  ოპოზიცია აცხადებს რომ რეგისტრაცია  128 ათას ადამიანს ჰქონდა გავლილი.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა