სენაკელი ბავშვების გამოგონება ამერიკის ელჩმა დაათვალიერა
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებით, 2017-2018 წლის ათასწელულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ახალგაზრდებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დახვეწონ და განავითარონ ინოვაციური იდეები და გამოგონებები; ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, მომავალი თანამშრომლობის მიზნით დაუკავშირდნენ მეცნიერებსა თუ მეწარმეებს. აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხელს უწყობს რესურსებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ღონისძიების ფარგლებში გასული წლების კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენა გაიმართა და მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს. მათ შორის იყვნენ, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა „Smart Kids” მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.
როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ განმარტავენ, კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა ორი, მაქსიმალური - ხუთი. კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1999 წლის 2 აპრილიდან 2005 წლის 1 აპრილის ჩათვლით. გუნდმა ინოვაციური პროექტი უნდა წარმოადგინოს ხუთი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში, ესენია - კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 დეკემბერი.
ავტორი: ნიუპრესი