"შემიყვარდა ქუთაისი, იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა უკანასკნელი არ იქნება" - თამარ ივერი
ყოველთვის მინდოდა, რომ ქუთაისში მემღერა. არ ვიცი, როგორ ვთქვა, ჩემდა სასირცხვილოდ, არ მქონდა ქუთაისში ნამღერი–განაცხადა ცნობილმა სოპრანომ თამარ ივერმა ქუთაისში საოპერო ფესტივალზე ყოფნისას.
მისი თქმით, ქუთაისი არის მდიდარი კულტურული ტრადიციების ქალაქი და შეთავაზებისთანავე დათანხმადა ფესტივალში მონაწილეობას.
„გილოცავთ ამ ფესტივალის დაბადებას. როდესაც დავით ღვინიანიძემ თქვა, რომ ფესტივალის ხელახლა დაარსება გადაწყვიტა, ძალიან გამიხარდა. დავთანხმდი, რადგან ქუთაისის პუბლიკა, ეს ქალაქი, ეს მხარე არის ერთ–ერთი ყველაზე ინტელექტუალური, მდიდარი კულტურული ტრადიცების მქონე ქალაქი და ვთვლი, რომ იმსახურებს მაღალი დონის ფესტივალს. მოხარული ვარ, რომ შეიკრიბა შესანიშნავი შემადგენლობა, ფანტასტიური ახალგაზრდა თაობა, მეც დებიუტი მქონდა და თანადგომა გამოვუცხადე ფესტივალს. მიხარია, თუ ეს ფესტივალი ქუთაისში ტრადიცულ ბინას დაიდებს, რაღაცნაირად ყოველწლიური გახდება და აღარასდროს შეწყდება. ვეფერები ქუთაისელ მაყურებელს, კონცერტმა ჩაიარა დიდი წარმატებით. საოცრად თბილი პუბლიკაა, შემიყვარდა ეს ქალაქი თავისი საზოგადოებით და იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა უკანასკნელი არ იქნება და ეს ფესტივალი გაგრძელდება ასეთი შემართებით“, –განაცხადა თამარ ივერმა. ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. მასში ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი