„შევცდი, როდესაც ინვესტიციისთვის ქუთაისი ავირჩიე“ - ამბერკ დვალიშვილი
ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიზნესმენების წახალისებისათვის კონკურსი „წლის ბიზნესი 2015“ დააწესა. კომისიამ ქალაქის მერის თავმჯდომარეობით გამარჯვებულები 12 ნომინაციაში გამოავლინა. გამარჯვებულების დაჯილდოებისათვის კი სპეციალური მიღება მოაწყო. „წლის ინვესტორი“ ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“ 450 000 ლარიანი ბრუნვით გახდა. გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი ამბერკ დვალიშვილი ქუთაისში ბიზნესის მდგომარეობაზე „ნიუპრესს“ ესაუბრა.
- რამდენად სარფიანია ქუთაისში ბიზნესის კეთება ?
-1993 წლიდან ქუთაისში ბიზნესით ვარ დაკავებული. თავდაპირველად ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების საწარმო გვქონდა, შემდეგ მამის დატოვებული ბიზნესის გაძღოლა მომიხდა. ღვინის წარმოება დავიწყე და დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ამას გარდა მაქვს სხვა ინვესტიციებიც. ქუთაისი ბიზნესის კუთხით მომგებიანი არ არის. ძალიან დიდი ინვესტიცია მაქვს ქალაქში ჩადებული. არ დავმალავ და ვიტყვი, ბევრჯერ მიფიქრია, შევცდი, როდესაც ინვესტიციისთვის ქუთაისი ავირჩიე.
- რატომ, რა გიშლით ხელს ბიზნესის განვითარებაში?
-უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია ქუთაისში. ამდენი ხანია ვაწარმოებ ბიზნესს და ყოფილა კარგი და ცუდი პერიოდიც, თუმცა, ახლა ქუთაისში ბიზნესის განვითარებამ ძალიან იკლო. აქ, მიწის კვადრატული ფართი 100$ ეძვირება ხალხს, თბილისში კი, იგივე ზომის ფართი 900 $ ღირს. ფასებს შორის ასეთი განსხვავება ქალაქში ბიზნესის მდგომარეობაზე მეტყველებს. ეს დაკავშირებულია შიდა მიგრაციასთანაც. ქალაქიდან ხალხი მიდის, მიზეზი კი ქალაქის არასწორად განვითარებაა. მოსახლეობა რომ მცირდება, შესაბამისად, ბიზნესიც კარგავს კლიენტს და აღარ გიღირს ამ ქალაქში ახალი ინვესტიციების ჩადება. უცხოელები ქუთაისში ინვესტიციებს თითქმის აღარ დებენ. ამიტომაც დავკარგეთ მე-2 ქალაქის სტატუსი. ბათუმი და თბილისი უფრო სარფიანია ბიზნესისთვის.
- ქალაქის არასწორ განვითარებაში რას გულისხმობთ ?
-ცუდია, რომ ქვეყანას ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმზე აქვს გათვლა, სხვა არაფერი ხდება. რაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ქალაქის თვითმმართველობა არ ინტერესდება ბიზნესმენებით, არ ინტერესდება რა უჭირს ბიზნესს.
- გამოსავალს რაში ხედავთ ?
-გამოსავალი არის ერთი ქალაქის სწორად, გეგმიურად განვითარება, ქალაქი, ინვესტიციებისთვის, ქარხნებისთვის არის შექმნილი და თუ სწორად დაიგეგმება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასაქმდება ხალხი და ქალაქიც გაიზრდება. ამასთან ყველა უბნის განვითარება თანაბრად უნდა ხდებოდეს. ჩემი აზრით, ერთ ადგილზე არ უნდა მოხდეს მხოლოდ განვითარება. უნდა დაიტვირთოს ყველა უბანი, ერთის გააქტიურებით მეორე არ უნდა მოკვდეს.
-ხომ არ გიფიქრიათ სხვა ქალაქში, ან ქვეყანაში გადასვლა, სადაც თქვენი ბიზნესი უფრო პერსპექტიული იქნებოდა ?
-მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ნაკლები პერსპექტივაა ბიზნესის განვითარებისთვის, ამ ქალაქიდან წასვლა არ მინდა. ჩემი ბიზნესი ჩემს ქალაქს ეკუთვნის.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი