შრომის დიდების მემორიალის რეაბილიტაცია მოხდება
ქუთაისის მერიის გვერდით არსებული შრომის დიდების მემორიალის რეაბილიტაციისათვის 8 ათასი ლარი გამოიყო.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, მემორიალის ერთ-ერთმა ავტორმა ვახტანგ დავითაიამ მერიას ძეგლის გადატანის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სანამ რაიმე გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ტერიტორია მოწესრიგდება.
"შრომის დიდების მემორიალი ეს აღარ არის, ეს არის მერიის გვერდით მოუწესრიგებელი ტერიტორია, რომელსაც ყველა ტურისტი იღებს".
მურღულიას თქმით, ის წინააღმდეგი არ იქნება, თუ ტერიტორია ეკლესიას გადაეცემა: "ამ ტერიტორიას ეკლესია ითხოვს. მე არც იმის წინააღმდეგი ვიქნები, თუ ეს ტერიტორია ეკლესიას გადაეცემა, თუმცა ჯერ უნდა დავაპროექტოთ და გავიგოთ, რისი გაკეთება შეიძლება აქ", -განაცხადა შოთა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, თუ რისი განთავსება შეიძლება მოხდეს ამ ადგილზე, მერიას სხვადასხვა იდეებით მიმართავენ, თუმცა მათი განხორციელება დაკავშირებულია თანხებთან და პირველ რიგში, რის გაკეთებასაც ქალაქი გეგმავს, ეს არის შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმა.
"ქალაქში, სადაც შოთა რუსთაველის ძეგლი არ არის, სხვა ძეგლს ვერ დავაფინანსებთ", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ირინა მაკარიძე