|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს აცხადებს, დღეს და მომდევნო დღეებში ნებისმიერი შეკრების შემთხვევაში „შესაბამის ზომებს“ მიიღებენ

 დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება გუშინ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გუშინ მოწყობილმა შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც „უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად პროპორციული ზომები“ მიიღეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად.

ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: