სოციალური საცხოვრისი - ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის თემა კვლავ განსჯის საგანი ხდება. ვიდრე საცხოვრისში ჩატარებული სამუშაოების შესწავლას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ახდენს, იქ მცხოვრები ადამიანები კვლავ შენობის ნგრევის შესახებ საუბრობენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ შენობაში ერთ-ერთ მცხოვრენის ბინაში ჭერი ჩამოვარდა.
ადგილზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
"ის რაც სოციალურ საცხოვრისში ხდება, არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ მოახერხა ქუთაისის მერიამ მილიონობით ლარის გაფლანგვა გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე.
რამდენიმე თვის წინ გახსნილი შენობა ყოველდღიურად ინგრევა, ამ თვეში უკვე მეორედ ჩამოვარდა ჭერი, ლიფტი არის ავარიულ მდგომარეობაში, ელექტროსადენებიდან გადმოდის დენი. იქ მყოფი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები არიან, საფრთის წინაშე იმყოფებიან. მერიის წარმომადგენლები და სამსახურის უფროსები მიდიან და ემუქრებიან ამ ადამიანებს, ეუბნებიან, რომ თუ პროტესტს გააგრძელებენ, დაიჭერენ. ნაცვლად იმისა, რომ მათ იზრუნონ ამ პრობლემების მოგვარებისათვის, ცინიკურად ექცევიან იქ მცხოვრებ ადამიანებს, ამადლიან ამ საცხოვრისების გადაცემას, თითქოს საკუთარი ოჯახებიდან ჰქონდეთ ეს თანხა მოტანილი და არა გადამხდელების ბიუჯეტიდან აღებული. მოვუწოდებ ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს, ერთი თვე მაინც ექსპერიმენტის სახით იცხოვრონ ამ შენობაში და თავად გამოსცადონ, როგორი საფრთისშემცველია იქ ცხოვრება"-განუცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, საჭიროა ეს საქმე პროკურატურამ გამოიძიოს და მეორე მხრივ კი, იზრუნონ იქ მცხოვრებ ადამიანებზე.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ქუთაისის მერიაში დღეს ელოდებიან, რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილებების მიღება.
შპს "სანოს", რომელმაც საცხოვრისში სამუშაოები ჩაატარა, თანხა სრულად არ აქვს მიღებული, დარჩენილი 500 ათასი მერიამ საგარანტიოდ დაიტოვა. იმ შემთხვევაში, თუ შენობაში ხარვეზები აღმოჩნდებოდა, კომპანია, ვალდებული იყო ეს ხარვეზები გამოესწორებინა. კითხვაზე, თუ რატომ არ მიეცა კომპანიას აღნიშნული ხარვეზების გაოსწორების საშუალება და რატომ მოხდა საქმის ექსპერტიზისათვის გადაცემა, ჯონი არაბიძე გვპასუხობს.
"კომპანიას თავიდან მივეცით საშუალება ხარვეზები გამოესწორებინათ, მაგრამ რომ დავინახეთ, რომ საქმეს პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ, იძულებული გავხდით, რომ მიგვემართა ექსპერტიზისთვის. იქ სხვა თემებიც იკვეთბა კიდევ, როგორიცაა ფინანსური თეწმები და სხვა. საკმაოდ მძიმე მასალები იდება, ჩემი წინასწარი ინფორმაციით", -განაცხადა არაბიძემ.
მისი თქმით, ექსპერტიზის მი9მდიონარეობის პარალელურად იქ სამუშაოების წარმოება ვერ მოხდებოდა, ამის გამო არსებული ხარვეზები ისევ რჩება.
არაბიძე კატეგორიულად უარყოფს მათი მხრიდან სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებისადმი მუქარას. მისი თქმით, საცხოვრისში არის შეგულიანებული ჯგუფი, რომელიც იმედოვნებს, რომ ხმაურის შედეგად ალტერნატიულ საცხოვრის მიიღებენ, რაც არარეალისტურია.
შეგახსენებთ, სამუშაოები შპს "სანომ" გასულ წლებში აწარმოა, რისთვისაც 2 500 000 ლარი იყო განკუთვნილი. კომპანიას მერიისგან მისაღები აქვს 500 000 ლარზე მეტი თანხა, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტშია განსაზღვრული.
ავტორი: ირინა მაკარიძე