|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სიკეთე ცუდად შემოგვიბრუნდა" - რა პრობლემებით მიმართავენ დეპუტატის ბიუროებს მოქალაქეები?

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები იანვარში გაიხსნა.  წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, რომ ქალაქს სამი მაჟორიტარი დეპუტატის ხალხთან გაცილებით ახლო კონტაქტის გამო სჭირდებოდა და რომ ბიუროები ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსდებოდა, სამივე ბიურომ ქალაქის ცენტრში, მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შენობებში მოიყარა თავი.

ბიურო მოსახლეობას მის მიერვე არჩეულთან აახლოებს და მისი პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, როგორ მუშაობენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები, რამდენად ხშირად ხვდებიან  მაჟორიტარები მოსახლეობას და  რა პრობლემებით მიმართავენ ადგილობრივები მაჟორიტარებს?.

მოქალაქეები ამბობენ, რომ არც იციან, სად არის მათი მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, ამიტომ ვერც დახმარების თხოვნით მიდიან.

„არ ვიცი სად არის ბიურო, რადგან არჩევნების შემდეგ არავინ  გვინახავს, როგორც არის ხოლმე. არავინ ინტერესდება ჩვენი პრობლემით, რომც მივიდე ბიუროში, რა შეიცვლება? მივალ, ვნახავ და წამოვალ, არავის აინტერესებს ამომრჩევლი“–განაცხადა ავანგარდის დასახლების მცხოვრებმა ალიოშა შერვაშიძემ.

ადგილობრივების პრობლემების უგულებელყოფაზე საუბრობს ლილი  კაპანაძე. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება წლების განმავლობაში არსებული პრობლემების შედეგია, ვინაიდან მოსახლეობა მიჩვეულია, რომ ხელისუფლება მათი პრობლემების გასაცნობად  მხოლოდ არჩევნებზე  მიდის.

ამომრჩეველებისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების ხელმძღვანელები, მათი თქმით, დეპუტატები ამომრჩევლებს სისტემატიურად და აქტიურად ხვდებიან, როგორც ბიუროში, ასევე ქუჩაში.

48–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიურო მერიის შენობაშია განთავსებული. მას გუბაზ სანიკიძის ოფისი აქვს დაკავებული. ბიუროს ხელმძღვანელობა ვარლამ გობეჯიშვილს აქვს ჩაბარებული. მისი განცხადებით, დიმიტრი მხეიძე ყოველ კვირაში ხვდება მოქალაქეებს, მათ პრობლემებს ეცნობა და შეძლებისდაგვარად აგვარებს კიდეც.

„ჩვენ იანვრიდან ვართ ამ ბიუროში და ამ ხნის განმავლობაში 200–ზე მეტ მოქალაქეს შეხვდა მაჟორიტარი დეპუტატი. გავეცანით მათ მოთხოვნებს, უმეტესობა დადებითად გადაწყდა. ვშუამდგომლობთ მერიასთან, სხვადასხვა უწყებებთან, ასევე ვცდილობთ შუამდლობლობა გავუწიოთ დასაქმების მხრივ და ჯანდაცვის პროგრამებში ჩაერთონ. მარტივად მოხდეს მათი დახმარება, ამაში მერიის შენობაში ყოფნაც გვეხმარება, რადგან მარტივად ვურთიერთობთ სამსახურებთან. რა თქმა უნდა, არის ხოლმე ისეთი მომართვა, რაც ბიუროს პრეროგატივა არ არის, მიუხედავად ამისა, მაინც ვეცნობით მათ პრობლემებს“, – განაცხადა ვარლამ გობეჯიშვილმა.

  

ფოტოზე: ვარლამ გობეჯიშვილი

 

ბიუროებში განმარტავენ, რომ მოქალაქეთა მიმართვა ერთსა და იმავე პრობლემებს ეხება. შესაბამისად, მათი დამოკიდებულებაც ერთნაირია, ეცნობიან და ეხმარებიან.

მხოლოდ ორი კვირის წინ გაიხსნა კობა ნარჩემაშვლის ბიურო, როგორც ბიუროს ხელმძღვანელი ალეკო ახალაძე განმარტავს, ბიურო ამ დრომდე შეხვედრებს საკრებულოს წევრის კაბინეტში მართავდა. მისივე მტკიცებით, მოქალაქეებს ყოველკვირეულად ხვდება კობა ნარჩემაშვილი და თავისი გავლენებით ცდილობს მარტივად გადაწყვიტოს მათი პრობლემები. სწორედ ნარჩემაშვილის ჩარევით მოხდა რამდენიმე ადამიანის დასაქმება, ასევე გაეწია სამედიცინო  დახმარება.

„კობა ნარჩემაშვილის ჩარევით მოხდა მოქალაქეების დახმარება, აქტიურად ვთანამშრომლობთ უწყებებთან. დახლოებით კვირაში 10 მოქალაქეს ხვდება,  ადგილებზეც გავდივართ, კობა ნარჩემაშვილის თხოვნით  მერიის მიერ გამოიყო 200 000 ლარი, რაც ოლქში ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებაზე დაიხარჯება. დაახლოებით 200 ადამიანი მივიღეთ, უმეტესობის პრობლემა გადაწყდა და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ“, – განმარტავს ალეკო ახალაძე,  რომლის თქმითაც, ბიურო მერიის შენობაში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით  მოეწყო.

„ჩვენ სამი უბანი გვაქვს და რომელში უნდა გაგვეკეთებინა ბიურო? ერთში რომ მოგვეწყო, მეორეს არ მოეწონებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ნეიტრალურ ადგილზე გადმოვსულიყავით. ველოდით, ვიდრე პირველ სართულზე არ გათავისუფლდა ფართი. ნარჩემაშვილის მოთხოვნა იყო, ბიურო ადამიანებისთვის ადვილად მისასვლელ ადგილზე  ყოფილიყო და სართულებზე დამატებით არ ევლოთ“, – განაცხადა ალეკო ახალაძემ.

ფოტოზე: ალეკო ახალაძე

კობა ნარჩემაშვილი ყველაზე ნაკლებად ჩანს ქალაქში, ის იშვიათად ჩნდება ღონისძებებზე, რასაც ვერ ვიტყვით გენადი მარგველაშვილზე, რომელიც აქტიურად ესწრება ყველა შეხვედრას. ის ერთადერთია, რომელიც ბიუროში მისვლის დროს ადგილზე  დაგვიხვდა.  მის ოლქში თერჯოლის სოფლები შედის, რაც მის საქმიანობას უფრო შრომატევადს ხდის. მის ბიუროს ზაზა ჯანგველაძე ხელმძღვანელობს.

„გენადი მარგველაშვილი ცდილობს ჩაერთოს ყველა ღონისძიებაში. აქტიურად ხვდება მოსახლეობას, ეცნობა და შეძლებისდაგვარად აგვარებს მათ პრობლემებსაც. ძირითადად, სოციალური პრობლემებია, ასევე დასაქმება. არის შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარების გამო მოგვართეს.  არჩევნების წინ მოქალაქეებს სხვადასხვა ნივთები გადაეცათ სხვადასხვა კომპანიების მიერ, რაც მათ ფულად თანხად დაუფიქსირდათ და ამის გამო დახმარება მოეხსნათ. სიკეთე ცუდად შემოგვიბრუნდა, ამიტომ  მივმართეთ სამსახურს, რომ მოხდეს მათი ქულების შეფასება თავიდან. გვსურს, მეტ მოქალაქეს დავეხმაროთ, აქტიურად მოვაწყოთ მიღებები, რომ მეტ ადამიანს მოვუგვაროთ პრობლემა. ჩვენ გვემატება თერჯოლის რამდენიმე სოფელი. მათ პრობლემებს ადგილზე ვეცნობით. გენადი მარგველაშვილის დახმარებით, ხდება სოფლების გზების რეაბილიტაცია და სოფლებში გაზის შეყვანა, ეს ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაც არის, მაგრამ ჩვენც აქტურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტთან. საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაშიც გვსურს ადგილობრივი მოსახლოების ჩართა, ვაცნობეთ, რომ მოვიდნენ და განცხადება დაწერონ, მაგრამ ჯერ არცერთი განცხადება არაა, არ ინტერესდებიან მშენელობაზე მუშაობით, მაგრამ იმედია, პროექტის აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ მოგვმართავენ“,–განაცხადა ზაზა ჯანგველაძემ.

მისი თქმით, გენადი მარგველაშვილის ინიციატივით, საფიჩხიაზე, სადაც კარსტრული მღვიმეებია, მოსახლეობის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა.  ადგილი, რომელიც მღვიმის ერთ–ერთ თავს წარმოადგენდა და  საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივებს, დაბეტონდა.

 ფოტოზე: ზაზა ჯანგველაძე

სამივე ბიუროს ცალკე დაფინანსება აქვს და ყოველთვიურად 4 500   ლარს წარმოადგენს.  ბიუროებში  განსხვავებულია თანამშრომელთა რაოდენობა. დიმიტრი მხეიძის ბიუროში  2 ადამიანია დასაქმებული,  4  თანამშრომელი ყავს კობა ნარჩემაშვილს, 5 - გენადი მარგველაშვილს.

ბიუროების ხელმძღვენელების განცხადებით, მოსახლოებას მათთან კომუნიკაცია არ უჭირს და მათი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით ვრცელდება.

დაირღვა თუ არა კანონი, წინასაარჩევნო პერიოდში კომპანიების მიერ მოსახლეობისათვის სხვადასხვა ნივთების გადაცემით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ, "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განმარტებით, თუკი კონკრეტულ ფირმასა და პოლიტიკურ პარტიას შორის პირდაპირი კავშირი  არ იკვეთება, რთულია კანონდარღვევაზე საუბარი. 

კანონის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება, თუ საარჩევნო სუბიექტი,  უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის, ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს უუქმდება რეგისტრაცია.

მარგველაშვილის ბიუროს ხელმძღვანელის, ზაზა ჯანგველაძის განმარტებით, ნივთები, რომელიც სოციალურად დაუცველებს გადაეცა, იყო სამედიცინო დანიშნულების. "ჩვენ  მივმართეთ კომპანია "ავერსს", რომელსაც ქონდა საქველმოქმედო აქცია და ვაცნობეთ მოსახლეობის საჭიროებების შესახებ, რის შემდეგაც მათ მოქალაქეებს გადასცეს სამედიცინო დანიშნულების ნივთები, ეტლები, ყავარჯნები და მედიკამენტები,-განაცხადა ჯანგველაძემ. მისი თქმით, ამის გამო სოციალური დახმარება 2 ოჯახს მოეხსნა.

 მარგველაშვილის მთავარი კონკურენტის,  "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატობის კანდიდატის გია თევდორაძის განცხადებით,  სწორედ ასეთი ფაქტები ჰქონდათ მხედველობაში არჩევნების დროს, როდესაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ აცხადებდნენ. თუმცა, თევდორაძის თქმით, ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა და მსგავსად, სხვადასხვა სახის აქტივობებს წინასაარჩევნო პერიოდში  სამივე სახელისუფლებო  კანდიდატი ახდენდა. 

თუ მთავრობის მიერ წარდგენილი ინიციატივა პარლამენტმა დაამტკიცა, შესაძლოა, დიმიტრი მძეიძე, კობა ნარჩემაშვილი და გენადი მარგველაშვილი ქუთაისის ბოლო მაჟორიატი დეპუტატები აღმოჩნდნენ.  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, მომავალ არჩევნებში მხოლოდ პროპორციული სიით მოხდება დეპუტატების არჩევა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი