|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სს ნიკორამ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

სს ნიკორამ, რომელიც წარმოადგენს ნიკორა ჯგუფის ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

საჯარო ემისია თიბისი კაპიტალის მეშვეობით განხორციელდა. ნიკორა ჯგუფთან თიბისი კაპიტალი 2017 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების უკვე მესამე ერთობლივი განთავსებაა.

სს ნიკორას ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მნიშვნელოვან სავალუტო რისკებს. ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR). ამ ტრანზქციით მხარეები ხელს უწყობენ TIBR-ის პოპულარიზაციას და მის დამკვიდრებას ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე.

კომპანიას საკრედიტო რეიტინგი მიღებული აქვს  Scope Rating-ისგან და BB-/Stable დონით განისაზღვრა.

კომპანიის ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება უმოკლეს ვადაში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც დაგირავებადია სებ-ში, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას აძლევს მოიზიდონ დამატებითი ლარის რესურსი.

 

„მოხარულები ვართ, რომ სს ნიკორას მორიგი ობლიგაციის წარმატებული განთავსება მოხდა თიბისი კაპიტალის მეშვეობით. სს ნიკორა, შპს ნიკორა ტრეიდთან ერთად, ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა. ეს ჯგუფის უკვე მეოთხე წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოში ყველაზე მეტია.

მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო სს ნიკორას მორიგი ობლიგაციების განთავსება, წარმატებები ვუსურვო ჯგუფს და დარწმუნებული ვარ მომავალშიც არაერთი ერთობლივი ემისიით გავამყარებთ ქართული კაპიტალის ბაზარს“ - განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.

„ჩვენი კომპანია რამდენიმე წელია რაც წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ობლიგაცია ლარში გამოვუშვით. მოგეხსენებათ, ნებისმიერ მოზიდულ სახსრებს ახლავს სავალუტო რისკი. ნიკორას მთელი შემოსავლები საქართველოში გენერირდება, შესაბამისად, სასურველია, რომ მოზიდული სახსრებიც იყოს ლარში. აღსანიშნავია ისიც რომ მოზიდული რესურსი კვლავ კომპანიას მოხმარდება“ - განაცხადა სს ნიკორას გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა.

ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 21 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ის ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი - 280-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, მისი თანამშრომლების რიცხვი კი 6000-ს აჭარბებს

თიბისი კაპიტალი, თიბისი ბანკის საკონსულტაციო მიმართულებაა, რომელიც სთავაზობს კლიენტებს, კორპორატიულ გადაწყვეტილებებს, კვლევებსა და საბროკერო გადაწყვეტილებებს საქართველოში. ის სს ნიკორასთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა