|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექსანდრე ლორთქიფანიძე - ლიტერატურის სიკვდილის შიში - აპოკალიფსის შიშს ჰგავს

წიგნის და წიგნიერების სიკვდილი (იბერია გაბრწყინდებას შემდეგ) ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წინასწარმეტყველებას წარმოადგენს საქართველოში. რამდენად გააჩნია საფუძველი აღნიშნულ წინასწარმეტყველებას?  როგორი მომავალი აქვთ წიგნებს?

სწავლობენ თუ არა წიგნები და მათი ავტორები ცხოვრებიდან თუ პირიქით, ცხოვრება სწავლობს წიგნებიდან?

რამდენად გაცნობენ წიგნები ადამიანებს

?

მართლაც წაიკითხა თუ არა სტალინმა 20 ათასი წიგნი?

რამდენად მნიშვნელოვანი რესურსია ინტელექტი?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხებით newpress.ge-ს სტუმარია მსახიობი, პოეტი დრამატურგი, გადაცემა „სარჩევის“ წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

 

- ოსკარ უაილდი ამბობდა დაახლოებით ასეთ რამეს, რომ წიგნები კი არ სწავლობენ ცხოვრებიდან, არამედ ცხოვრება ეწყობა წიგნების მიხედვით. ჩვენს პოსტმოდერნისტულ ხანაში იმასაც მოვესწარით, რომ წიგნის პერსონაჟები საკუთარი ისტორიიდან დამოუკიდებლად არსებობენ, შეუძლიათ სხვის ისტორიებში შეიჭრან და იქ შეიტანონ ცვლილებები. ამიტომ ის აზრი, რომ წიგნებს ცოტა კითხულობს და ლიტერატურის მომავალი ბუნდოვანია, შეიძლება, ძალიანაც მცდარი იყოს. უფრო პირიქით წიგნები და მათი პერსონაჟები სულ უფრო იმყარებენ პოზიციებს და იპყრობენ სივრცეებს. თქვენ როგორ უყურებთ ლიტერატურის აწმყოსა და მომავალს?

- ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგი. ჩემი აზრით, ლიტერატურის სიკვდილის შიში - აპოკალიფსის შიშს ჰგავს, ყველა ეპოქაში აწუხებთ ადამიანებს და ამ შიშის დახმარებით პროგრესირდებიან. ლიტერატურული ჟანრებისა და მიმდინარეობების მრავალფეროვნებაც შიშების გადაფარვის სურვილითაა გამოწვეული. თუ დღეს კვდება ესა თუ ის ლიტერატურული მიმდინარეობა და იბადება ახალი, ეს სწორედ სიკვდილის შიშის დამსახურებაა. ამიტომ რამდენადაც უკვდავია ადამიანური ცივილიზაცია, იმდენად უკვდავად მიმაჩნია ხელოვნებაც, შესაბამისად ლიტერატურაც. ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ახალ-ახალი ხერხები, ვფიქრობ, ლიტერატურაც კარგად მოირგებს ახალ საშუალებებს და იპოვის ახალ გზებს ახალ სამყაროში დასამკვიდრებლად. რაც მთავარია, სიახლე ტავტოლოგიებს არ სცნობს.

- ცნობილი გამონათქვამის ასეთი პერეფრაზიც არსებიბს "მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ“. რამდენად სწორადაა ფორმულირებული ეს ფრაზა და მართლაც, რამდენად გაცნობენ წიგნები ადამიანებს?

- რთული სათქმელია. ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით თუნდაც ლიტერატურის ისტორიიდან, როცა სათნოებით და ადამიანურობით სავსე ნაწარმოებების ავტორები დამნაშავეებად და ავაზაკებად გვევლინებოდნენ, თუმცა პირიქით შემთხვევებიც ყოფილა. მე არ ვთვლი, რომ ნაწარმოებით ავტორის გაცნობაა შესაძლებელი, ავტორები ხშირად იტყუებიან, საკითხავია რომელი მხარეა ტყუილი, მათი ცხოვრება, თუ მათი შემოქმედება. როცა ცხოვრებისეული მაგალითები შემოქმედებით ფასეულობებს ემთხვევა - მაშინ იქმნება საკულტო ნაწარმოებებიც.

- მიჩნეულია რომ წიგნის კითხვის გარეშე არ არსებობს განათლება, როგორც ცნობილია სტალინმა 20 ათასი წიგნი წაიკითხა, თან ძალიანაც ყურადღებით, თუმცა მისი ნაკითხობის შედეგი ტოტალიტარული საბჭოეთი აღმოჩნდა. ანუ კითხვას ყოველთვის არ მოაქვს განათლება. როგორც სარჩევის წამყვანი და თან პედაგოგი რას გვირჩევთ ამ შემთხვევაში? როგორ ვიკითხოთ წიგნები?

- საკითხავია, წაიკითხა კი სტალინმა 20 000 წიგნი, თუ ესეც საბჭოთა ლეგენდების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ერთია წაკითხვა, და მეორეა გაგება. სწორედ ამიტომ არასოდეს ვიყავი მომხრე საზეპიროების ზუთხვისა სკოლაში, რადგან ზეპირ-ზეპირობაში აზრის რეალური გათვითცნობიერების შანსი სულ უფრო მეტად მცირდება. წიგნმა უნდა გაგვაკეთილშობილოს, კათარზისი განგვაცდევინოს, გაგვაუმჯობესოს, შეგვცვალოს, დაგვაბრუნოს. როგორ ვიკითხოთ? არ ვიცი.. მაგრამ ვიცი, რომ ყველაზე უკეთ საკუთარი თავის წაკითხვა განგვანათლებს. საკუთარი სინდისის წაკითხვა, წიგნები კი მხოლოდ იარაღია თვითშემეცნებისათვის. წიგნი მხოლოდ ხიდია ჩვენ შინაგან სამყაროსა და გარემოს შორის.

- რომელია ის წიგნი ან წიგნები, რომლებზე საუბრით არასდროს დაიღლებით?

-ნშოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ჯორჯ ორუელის „1984“, ჯოან ქეთლინ როულინგის წიგნების სერია ჰარი პოტერზე, აგოტა კრისტოფის „ტრილოგია“ და ა.შ. საერთოდ წიგნებზე საუბრით არასოდეს ვიღლები, თუნდაც ცუდ წიგნებზე საუბრით. ცუდისგანაც შეიძლება სწავლა.

-ნრამდენად მნიშვნელოვანი რესურსია ინტელექტი? რადგან მრავლად ვიცით ინტელექტუალი ფაშისტები, ინტელექტუალი იმპერიალისტები, ინტელექტუალი მასიური მკვლელები, ვიცით ინტელექტუალი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელიც ძალიან ნაკლებად ერკვევა ადამიანის უფლებებში. რა ჭრდება კიდევ ინტელექტს, რომ მისგან სიკეთე მივიღოთ?

-მაშინ ვიკითხოთ, რა არის ინტელექტი? წაკითხული წიგნების რაოდენობა, დაზეპირებული ციტატების რაოდენობა, თუ რეალურად გააზრებული ცოდნა ადამიანებზე, სამყაროზე, ცხოვრებაზე? ინტელექტი უმნიშვნელოვანესი ადამიანური რესურსია, ინტელექტზე დგას მსოფლიო ცივილიზაცია, ოღონდ ინტელექტი და ზედაპირული ცოდნა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში. ინტელექტი გვიბიძგებს აზროვნებისკენ, ანალიზისკენ, ფიქრისკენ, თვითგანვითარებისკენ. ზედაპირულ ცოდნას კი მხოლოდ ბრიყვული ამპარტავნობა მოაქვს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა