|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მე-9 ნუმიზმატიკური გამოფენა გაიმართა

ქუთაისში, ოქროს ჩარდახში ნუმიზმატიკური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 7 ნუმიზმატის კოლექციები იყო წარმოდგენილი. გამოფენილი იყო ბიზანტიური, რომაული, კოლხური, ადრეული შუასაუკუნეების პერიოდის მონეტები, რუსული რუბლები, ასევე მონეტები და ფულის კუპიურები სხვადასხვა კონტინენტებიდან.

გამოფენის მონაწილე ნუმიზმატები შეგროვების სურვილს ესთეტიკური მოსაზრებით ხსნიან.

„ადამიანები ესთეტიკური თვალსაზრისით იწყებენ შეგროვებას. კარგი დონის ნამუშევრებია, ვისაც ქანდაკება უყვარს არ შეიძლება ეს ძველი მონეტა არ მოეწონოს, იმიტომ, რომ ბარელიეფებია იქ პორტრეტებია, გამოსახულებაა, სილამაზეა და თვალს ხიბლავს“, -   ამბობს არქიტექტორი ალექსანდრე მახარობლიძე.

ნუმიზმატების თქმით ადრე უფრო ბევრი კოლექციონერი იყო, მაგრამ მერე სხვადასხვა მიზეზების გამო მათი რიცხვი შემცირდა, თანაც ხანდაზმული ნუმიზმატების რიცხვი აშკარად ჭარბობენ ახალგაზრდებისას.

ნუმიზმატები  ესთეტიკასთან ერთად მონეტის ინფორმაციულობაზეც მიუთითებენ. "პირველი მონეტა  ჩვ.წ.აღ-მდე  მე- 7  საუკუნეში მოიჭრა, მე-6 საუკუნეში უკვე საქართევლოშიც იწყება მონეტების  მოჭრა. თანაც ეს მონეტები დიდი ინფორმაციის შემცველია, მათი გამოკვლევით შეიძლება ბევრი ახალი აღმოაჩინო და რაღაც შეხედულებები შეცვალო ისტორიაში“, - მიაჩნია ნუმიზმატთა კავშირის ერთ- ერთ დამფუძნებელს, იურისტ გურამ ფილიპაშვილი.

ნუმიზმატები  კოლექციის მრავალფეროვნებაზე აქცენტირებენ და ექსპონატების მოპოვების სირთულეზეც მიუთითებენ. „ მართალია ძნელია მონეტების მოძიება, მაგრამ ვინც ეძიებს ის პოულობა, “- აღნიშნავს გურამ ფილიპაშვილი.

 ნუმიზმატთა კავშირი 1995 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული გამოფენა რიგით  მეცხრეა.

გამოფენა მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერითგაიმართა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი